თეგებით ძიება

პრევენცია ახლავე უნდა დაიწყოს, რომ არ მოხდეს მიგრანტებისგან აივ-შიდსის გავრცელება - მაია ბუწაშვილი

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მეზობელი სახელმწიფოებიდან საქართველოში გაზრდილ მიგრაციას რამდენიმე დღის წინ ინფექციური პათოლოგიისა  და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, 2023 წლის პირველი ექვსი თვის პერიოდში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აივ/შიდსის ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 6%-ით გაიზარდა. თენგიზ ცერცვაძის განცხადებამ საზოგადოებაში კითხვები გააჩინა. კერძოდ, რა საფრთხის წინაშეა მოსახლეობა, ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობის 6%-ით ზრდა მაღალია, საშუალო თუ დაბალი? რა სიმპტომებს უნდა მიაქციონ ადამიანებმა ყურადღება და რა უნდა გააკეთონ პრევენციისთვის? ამ კითხვებით TIA.GE-მ ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს მიმართა.

 

- 6% საგანგანგაშო არაა იმიტომ, რომ ნამდვილად მინიმალურია საერთო რაოდენობასთან შედარებით, თუმცა ზოგადად, გაზრდილი მიგრაციის პირობებში და იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი შიდსის გავრცელების მხრივ, ევროპაში ლიდერია, რისკები არსებობს. ამიტომ რა თქმა უნდა, პრევენცია და დროული რეაგირება საჭიროა, რომ არ მოხდეს მიგრანტებისგან გავრცელება. ზოგადად, აივ ინფექციის ბუნებიდან გამომდინარე, გავრცელებაზე ასახვა ასე სწრაფად არ ხდება. დიახ, რისკი იზრდება და ამის შედეგებს სამწუხაროდ გვიან ვიმკით ხოლმე, ამიტომ ჯერჯერობით ამაზე საუბარი ადრეა, მაგრამ პრევენცია აუცილებლად ახლავე უნდა დაიწყოს. 

- როგორ პრევენციას გულისხმობთ, მოქალაქეებმა და სახელმწიფომ რა უნდა გააკეთონ?

- მოქალაქეებს აივ ინფექცია უნდა ახსოვდეთ, ამიტომ თუ მიგრანტებთან სქესობრივი კონტაქტები ექნებათ აუცილებლად დაცვის საშუალებები გამოიყენონ, სახელმწიფოს მხრიდან კი უნდა მოხდეს სკრინინგის გაძლიერება მიგრანტებში. რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე, სკრინინგი ძალდატანებით ვერ ჩატარდება, მაგრამ მინიმუმ, აქტიური შეთავაზება აუცილებელია. 

- შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ხომ არ დადგა დრო, რომ სკოლებში სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები შემოვიღოთ?

- ეს აქამდეც გასაკეთებელი იყო, მაგრამ ახლა მიგრაციასთან დაკავშირებით ყველაზე ეფექტური სკრინინგის გაძლიერება, დროული გამოვლენა და მერე მისი მკურნალობაა. გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა, სკრინინგი იმიტომაც ტარდება, რომ გარშემო მყოფებისთვის რისკი შემცირდეს. შესაბამისად, მიგრანტებისთვის სკრინინგი აუცილებელია

- იქნებ აგვიხსნათ, აივ ინფექციასა და შიდს შორის  რა განსხვავებაა?

- აივ ინფექცია არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ვირუსით ინფიცირებულია და შიდსი უკვე დაავადებაა, როდესაც იმუნური სისტემა რაღაც კონკრეტულ ეტაპამდე აღწევს და უკვე დაავადებაში გადადის, თუმცა მკურნალობა აივ ინფექციის დასმისთანავე იწყება. აივისგან სრული განკურნება შეუძლებელია, მაგრამ მართვადი დაავადებაა, ანუ მედიკამენტების ფონზე ვირუსი კონტროლდება, მინიმუმამდეა დასული და პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანი სრულყოფილ ცხოვრებას აგრძელებს.

- აივზე ეჭვის შემთხვევაში რა სიმპტომები უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება?

- სიმპტომებზე ყურადღების მიქცევა ნაკლებად რელევანტურია. ადამიანებმა პერიოდულად სკრინინგი უნდა იტარონ, იმიტომ, რომ სპეციფიკური სიმპტომები არა აქვს, შეიძლება იყოს სისუსტე, ტემპერატურის მომატება, სხვა ინფექციური დაავადებები და ა.შ. ამიტომ სიმტომებზე ყურადღების გამახვილება ნაკლებად შედეგიანია. უბრალოდ, ყველას უნდა ახსოვდეს ეს დაავადება და პერიოდულად სკრინინგი იტაროს. გამოსავალი ეს არის. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა