ქართული მხარე ამერიკელი პარტნიორებისგან იმ მტკიცებულებების გადმოცემას ითხოვს, რომელიც ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების გადაწყვეტილებას უდევს საფუძვლად - შალვა პაპუაშვილი
ოთარ ფარცხალაძე არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც ამ ტიპის სანქციაში მოექცა, ამიტომაც, თავისთავად, სუს-ი ამ საკითხზე მუშაობს, მათ შორის მიმართავს ამერიკელ პარტნიორებს, რომ გადმოსცენ მტკიცებულებები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას უდევს საფუძვლად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, პროცესის შესახებ, რომელიც ოთარ ფარცხალაძის ირგვლივ წარიმართება, სრულად ინფორმირებული იქნება ქართული საზოგადოება.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მათ დაიწყეს საქმის მოკვლევა. ეს, რა თქმა უნდა, არის მძიმე ბრალდება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ და მეორე მხრივ, ეს არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც ამ ტიპის სანქციაში მოექცა, ამიტომაც, თავისთავად, სუს-ი ამ საკითხზე მუშაობს, მათ შორის, მიმართავს ამერიკელ პარტნიორებს, რომ გადმოსცენ მტკიცებულებები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას უდევს საფუძვლად და ჩვენ ვთქვით, რომ ამ პროცესის შესახებ სრულად ინფორმირებული იქნება ქართული საზოგადოება.
ადამიანი, რომელსაც ბოლო 10 წელია არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან და საჯარო სამსახურთან, არის კერძო პირი და მეორე, სწორედ იმიტომ, რომ ეს არის მძიმე ბრალდება, ამიტომაც არის, რომ სუს-მა დაიწყო ამ საკითხის მოკვლევა, ამიტომაც არის, რომ მტკიცებულებებზე მიმართავს ამერიკულ მხარეს და ამიტომაც არის, რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება ღია კომუნიკაცია საზოგადოებასთან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.