სპორტსმენი, რომელიც შეჯიბრში მონაწილეობის გამო ეროვნულებზე ვერ გადის, უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხება - ახალი კანონპროექტი
პარლამენტის ცნობით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებას.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, ცვლილების თანახმად, მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენს, რომელიც შეჯიბრებაში მონაწილეობის გამო ვერ ახერხებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას, უფლება მიეცემა პირობით ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.
"საქართველოს ეროვნული ასაკობრივი ნაკრები გუნდის ან ეროვნულ სპორტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებული სპორტული კლუბის წევრს, რომელიც მონაწილეობას იღებს ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე, საჭადრაკო ოლიმპიადებზე, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატზე ან უმაღლესი რანგის საერთაშორისო საკლუბო სპორტულ ტურნირებზე, სპორტის იმ სახეობაში, რომლის ფედერაციაც აღიარებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, უფლება მიეცემა პირობით ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე", - თქვა პაპუკაშვილმა.
მისივე თქმით, კანონის მოქმედება ასევე გავრცელდება იმ სპორტსმენებზე, რომლებმაც მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის გამო ვერ მოახერხეს 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა.