არტისტი, ნატალია ვაწაძე, სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს
ე.წ. რევოლუციური სცენარით “ხელისუფლების დამხობის” საქმეზე, არტისტი ნატალია ვაწაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ის, სოციალურ ქსელში, წერს:
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიბარებს დაკითხვაზე. მიზეზი ტრენინგზე დასწრებაა,სადაც ვუყურეთ დოკულენტურ ფილმებს, დავდგით პერფირმანსები და გავიგეთ თუ როგორ უნდა მივიტანოთ ჩვენი,კულტურის სფეროს სათქმელი საზოგადოებასთან.სულ ეს იყო.
ახლა მაინტერესებს, რამდენი წელია სახელმწიფოს არ გამოუვლენია აგენტი? ფარცხალაძე დაიკითხა?“
ნატალია ვაწაძე ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად რამდენიმე დღის წინ, 29 სექტემბერს, ესწრებოდა თბილისში ჩატარებულ ტრენინგს, რომელიც “კანვას საქართველომ” USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში გამართა და რომლის მიზანიც სახელოვნებო სფეროს მეტი დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის მიღწევის გზების განხილვა იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არტისტი სწორედ ამ ტრენინგზე დასწრების გამოა დაბარებული.