თეგებით ძიება

არ არსებობს ნება და სურვილი, რომ ოკუპაციის ხაზი გაკონტროლდეს, თორემ ბერკეტებიც არის და შესაძლებლობებიც, რომ რუსებმა მათივე დაწესებული ოკუპაციის ხაზი ვერ გადმოკვეთონ - დავით ქაცარავა

6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების ჯარისკაცმა ადგილობრივი მაცხოვრებელი, თამაზ გინტური მოკლა და მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი გაიტაცა. ინციდენტი კირბალთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ლომისის ეკლესიასთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტური გორის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკოლოზ გინტურის ძმაა. ადგილობრივების მონაყოლიდან ირკვევა, რომ თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიის ნიშთან სანთლის ასანთებად წავიდნენ. მოგვიანებით, მოსახლეობამ სროლის ხმა გაიგო.

რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

„ჩამოდით კირბალში!!! რას ელოდებით? შემოგვივარდა რუსი სახლში და გვკლავს!!!!“ - ასე გამოეხმაურა მომხდარს „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრი დავით ქაცარავა. რა მოხდა კირბალში და როგორ დავიცვათ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეები? ამ და სხვა კითხვებით TIA.GE დავით ქაცარავას დაუკავშირდა:

- კირბალში ხდება ის, რომ მოსახლეობა სრულიად დაუცველია და ბედის ანაბარაა მიტოვებული. 

- ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, ბუკა პეტრიაშვილის ინიციატივაზე რა აზრის ხართ, რომელიც ოკუპაციის ხაზთან სადღეღამისო მორიგეობას გულისხმობს.  

- ფაქტია, რომ სახელმწიფო თავის მოსახლეობას ვერ იცავს. ხელისუფლებას არ აქვს იმის პოლიტიკური ნება, რომ დაიცვას თავისი მოქალაქეები. რუსეთისთვის შექმნილია კომფორტული პირობები იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეები მოკლას და გაიტაცოს, რომ დამატებით მიწები წაგვართვას და ა.შ. ამ ტრაგიკული შემთხვევის დროს პოლიცია საერთოდ სიახლოვესაც კი არ იყო და არ პატრულირებდა. ოკუპაციის ხაზთან ეფექტური კონტროლი არ ხორციელდება, ამიტომ ნებისმიერი ტიპის ინიციატივა, რომელიც მოსახლეობის მეტ დაცულობას უზრუნველყოფს, მისასალმებელია. ზოგადად კი, ჩემთვის ყველაზე მისაღები ისრაელის მოდელია, თუმცა ამისათვის პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს, რომელსაც სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ.

- ისრაელის მოდელში რას გულისხმობთ?

- სამოქალაქო საზოგადოების მოწყობას, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა მოქალაქე, სქესისა და ასაკის მიუხედავად, სამხედრო სამსახურს გაივლის, რეზერვისტი ხდება და თავისი ქვეყნის სამხედრო-სარეზერვო სამსახურში ირიცხება. ეს სწორედ ის მოდელია, რომელთანაც საბოლოოდ უნდა მივიდეთ, მაგრამ ამისთვის საჭროა მთავრობა, რომელიც პოლიტიკას სწორად წარმართავს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ  ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და საზოგადოების შეგნება ამაღლდეს. დიახ, მოდელი, რომელზეც მე ვსაუბრობ, პირველ რიგში, პოლიტიკურ ნებას გულისხმობს და ამისთვის საჭიროა სხვა მთავრობა.

 - როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრი წერს, კირბალში საოკუპაციოო ხაზი ხილულიც კი არ არის და ამიტომ ხშირია დაკავებისა და გატაცების შემთხვევები. 

- მე ვფიქრობ, რომ ხაზის ხილულობა თუ უხილაობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან რუსულ საოკუაციო რეჟიმს ხილულ ხაზში ანუ ღობეებში კარი აქვს გაჭრილი და როცა უნდა, ჩვენს კონტროლირებად მხარეს გადმოდის. ასე, რომ რუსი თავისივე დაწესებულ ოკუპაციურ ხაზს კვეთს და მნიშვნელობა არა აქვს შენ ხედავ ამ გამყოფ ხაზს თუ ვერა. ის საქართველოს კოტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდის და ჩვენს მოქალაქეებს იტაცებს. ძირითადი გატაცებები სწორედ ასე მოხდა.  სამწუხაროდ, პოლიცია ოკუპაციის ხაზის ეფექტურ კონტროლს ვერ ახორციელებს. პატრულირება კირბალის შემთხვევა რომ ავიღოთ, ფაქტობრივად, არ ხდება. პოლიცია ადგილზე მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში ჩადის. ეს შეიძლება იყოს რელიგიური დღესასწაულები, როდესაც ხალხი სალოცავზე ან საფლავებზე გადის. ამ შემთხვევებში ხდება პატრულირება და საპოლიციო ჯგუფების მისვლა. სხვა შეთხვევებში ადამიანები, რომლებიც ოკუპაციის ხაზთან ცხოვრობენ, სრულიად დაუცველები არიან. შეგახსენებთ, რომ ოთხი რეგიონიდან, რომელიც ოკუპაციის ხაზს ესაზღვრება, პოლიციურ დანაყოფებს მხოლოდ შიდა ქართლში ვხედავთ და ეფექტურ კონტროლს ისინიც ვერ ახორციელებენ. რატომ? იმიტომ, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება. არსებობს მხოლოდ ნება, რომ რუსები არ გავაღიზიანოთ. ერთ შემთხვევას გაგახსენებთ, რომელიც  2019 წელს მოხდა.. რუსები ხურვალეთის მაცხოვრებელს დაედევნენ და დევნაში იმდენად გაერთვნენ, რომ ხურვალეთის ცენტრში შემოვარდნენ, სადაც პოლიცია იდგა. პოლიციამ რუსები გააჩერა და დააკავა, მაგრამ ზუსტად ნახევარ საათში ამ ოკუპანტების უკან, ბოდიშების მოხდით, რუსებისთვის დაბრუნება მოხდა. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც რუსებს ზაზა გახელაძე ტყვეობაში ჰყავდათ და 12 წელი ჰქონდა მისჯილი. ეს მაძლევს უფლებას ვიფიქრო, რომ არ არსებობს ნება და სურვილი, რომ ოკუპაციის ხაზი გაკონტროლდეს, თორემ ბერკეტებიც არსებობს და შესაძლებლობებიც, რომ სულ მცირე, რუსებმა მათ მიერვე დაწესებული ოკუპაციის ხაზი ვერ გადმოკვეთონ. 

- თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე დაწყებულია გამოძიება. გჯერათ თუ არა, რომ დამნაშავეების გამოვლენა და დასჯა მოხდება?

- არც ერთი წუთით არ მჯერა, იმიტომ, რომ ასეთი ტიპის შემთხვევებთან დაკავშირებით ცუდი გამოცდილება გვაქვს. ოთხოზორიას მკვლელობა, ტატუნაშვილის მკვლელობა, დავით ბაშარულის მკვლელობა, ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობა - რომელ ერთ შემთხვევაში დადგა შედეგი?  სამწუხაროდ, თამაზ გინტურის შემთხვევაშიც იგივე მოხდება და  ეს გამოძიებაც ისევე, როგორც ბევრი სხვა, თაროზე შემოიდება. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა