"ვერც კი წარმოვიდგენ, რომ აქამდე მივალთ“ - დანიის პრემიერი გამოეხმაურა ტრამპის განცხადებას, გრენლანდიის ძალის გამოყენებით შეერთების შესახებ
დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიქსენი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად სამხედრო, ან ეკონომიკური ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს. ფრედერიქსენის თქმით, ასეთ რამეს ვერ წარმოიდგენდა.
დანიის პრემიერის თქმით, მას არ შეუძლია, დაიჯეროს, რომ შეერთებული შტატები გრენლანდიაზე კონტროლის დასამყარებლად სამხედრო, ან ეკონომიკურ ძალას გამოიყენებს.
"მე არ მაქვს საკმარისი ფანტაზია იმის წარმოსადგენად, რომ ჩვენ აქამდე მივალთ“, - თქვა მან.
ფრედერიქსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები დანიის „ყველაზე მნიშვნელოვანი და უახლოესი მოკავშირეა“. დანიის მთავრობის მეთაურმა დასძინა, რომ შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ომი არ სურს.
"ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ერთმანეთთან ვაჭრობა და ეს სწორად გავაკეთოთ”, - აღნიშნა ფრედერიქსენმა და დაამატა, რომ ერთმანეთთან ეკონომიკური საშუალებებით ბრძოლა საუკეთესო გზა არ არის.
ცნობისთვის, ტრამპმა 7 იანვარს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გრენლანდიასა და პანამის არხზე კონტროლის მოსაპოვებლად სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს.
მანამდე მან არაერთხელ გამოთქვა სურვილი, რომ შეერთებულმა შტატებმა დანიის დაქვემდებარებაში მყოფი კუნძული შეიძინოს.
დანიის პრემიერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ „გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიელებს“.