თეგებით ძიება

პოლიტიკოსი ხელფასით უნდა ცხოვრობდეს. რა უნდათ პარლამენტში ბიზნესმენებს?! - რომან გოცირიძე

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე კოლეგებს სთავაზობს, რომ პარლამენტის წევრებს, გარდა პარლამენტის თავმჯდომარისა, პერსონალური ავტომობილები აღარ მოემსახუროს.

პარლამენტის წევრების ავტომობილებით უზრუნველყოფის საკითხზე გოცირიძემ ყურადღება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაამახვილა, სადაც დეპუტატებისთვის ხელფასის გაზრდის თაობაზე შალვა პაპუაშვილის პროექტი განიხილეს.

როგორც გოცირიძემ განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის თითქმის ყოველ მეორე დეპუტატს - უმრავლესობის 45 წევრს პერსონალური მანქანა ემსახურება. გოცირიძის თქმით, „არ შეიძლება ყოველი მეორე დეპუტატი ირიბად სხვანაირი ხელფასით იყოს უზრუნველყოფილი“.

„სამწუხაროდ, ეს პარლამენტი არის არა პოლიტიკური პარლამენტი, არამედ, კომერციული პარლამენტი, სადაც 28 ოფიციალური მილიონერია, სადაც დეპუტატები მხოლოდ იმიტომ დადიან, რომ იმ გადაწყვეტილებას დააჭირონ ხელი, რომელ გადაწყვეტილებაზეც უბრძანებენ. პროფესიონალი პოლიტიკოსი ხელფასით უნდა ცხოვრობდეს და მისთვის პარლამენტში მუშაობა ყოველდღიური საქმიანობა უნდა იყოს. რა უნდათ პარლამენტში ბიზნესმენებს?! - ფულს იქეთ გადაგიხდიან. სამწუხაროდ, ბიზნესმენები პარლამენტში იმიტომ მოდიან, რომ ტენდერები მოიგონ და ხელისუფლების მფარველობის ქვეშ იყვნენ, ხოლო ოპოზიციას პარლამენტში იმიტომ უნდა, რომ თავი რეპრესიებისგან დაიცვას. პარლამენტი უნდა იყოს პოლიტიკური და არა კომერციული ორგანო. დეპუტატს მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს, მაგრამ საქმის კეთებისათვის და არა საკუთარი ბიზნესის ლობირებისათვის, ყოველდღიური მუშაობისათვის და არა სტატისტად ყოფნისათვის, როცა მათი მთავარი როლი მხოლოდ კენჭისყრის ღილაკზე ხელის დაჭერაა”, - განაცხადა რომან გოცირიძემ კომიტეტის სხდომაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა