თეგებით ძიება

სადამდე უნდა მიიყვანო ერი, რომელსაც მე-3 საუკუნეში რიტორიკული აკადემია ჰქონდა, რომ დღეს წიგნიერებაში ერთსაუკუნოვანი წიგნიერების ისტორიის მქონე ქვეყნებს ჩამორჩება - ზურაბ ვახანია

მოსწავლეთა შეფასების საერთაშირისო პროგრამამ (PISA) 2022 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო წაკითხულის გააზრებაში, 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა. კვლევის შედეგების მიხედვით 15 წლის ქართველ მოსწავლეებს მათემატიკაში, კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, საშუალოზე დაბალი შედეგები აქვთ.

ქართველი მოსწავლეების წარუმატებლობის გამომწვევ მიზეზებზე და გამოსავლის გზებზე TIA.GE-ს ფსიქოლოგიის პროფესორი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, განათლების ესპერტი ზურაბ ვახანია ესაუბრა:

- რამდენი წელია ამაზე ვსაუბრობ, რომ შედეგების თვალსაზრისით, განათლების სისტემისთვის ყოველი მომდევნო წელი უარესია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ქვეყანა PISA-ს კვლევებში მონაწილეობისთვის მზად არაა. რად უნდათ, რომ მონაწილეობენ? ვიცით, რომ საშინელი მდგომარეობა გვაქვს და მერამდენედ უნდა დავრწმუნდეთ? 

- მიზეზებზე რას გვეტყვით, რომლებმაც ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა?

- რომელი ერთი დაგისახელოთ? უკეთესი შედეგი საიდან გვექნება, როდესაც ისიც კი არ იციან საბაზო და საფუძველმდებარე საგნები რას ნიშნავს. საუკუნეების წინ იცოდნენ, რომ ასეთი ორი საგანია: მშობლიური ენა და  მათემატიკა. ეს ორი საგანი განათლების მთავარი საყრდენია და ორივეს, განსაკუთრებით მშობლიურ ენას რომ საათებს უმცირებ, რა შედეგს უნდა ელოდო? იმასაც კი არ იზარებენ, ქართული ენა რომ ქვია, ის სინამდვილეში სამ საგანს მოიცავს: ქართულ ლიტერატურას, ქართულ გრამატიკას და წიგნიერებას, რომელშიც ჩავიჭერით. ენისა და ლიტერატურის გაერთიანება  საქართველოში პირველად მე დავიწყე ჩემს საავტორო სკოლაში, მაგრამ რომ გააერთიანებ, რაც იყო, ის საათები უნდა შეკრიბო, ამათ პირიქით, გააერთიანეს და საათები ჩამოაჭრეს. წარმოიდგინეთ, საბაზო საგნები ყველაზე მეტად შეამცირეს და რა შედეგს ველოდით?

- ყველაზე უცნაური ისაა, რომ ხელისუფლებაში მოსვლამდე „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამუდმებით შემცირებული სასწავლო საათების გამო აკრიტიკებდა, თუმცა ხელისუფლებში მოსვლის შემდეგ საათების რაოდენობა არ გაუზრდია.

- სხვა რა შეცვალეს, ეს რომ შეეცვალათ? კარგი სიახლეა, რომ სკოლას უფლება მიეცემა სასწავლო საათები თვითონ გადაანაწილოს. რომელ სკოლასაც მიაჩნია, რომ წიგნიერება მნიშვნელოვანი არაა, ძირითად საათებს ინგლისურს და სხვა საგნებს დაუთმობს, თუმცა მშობელს მისი პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია ექნება და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებს. მე ყველას ვურჩევ, რომ ყურადღება საბაზისო საგნების ცოდნაზე გაამახვილონ. მეორელასელს რა ბუნებისმცოდნეობა უნდა ასწავლონ, ტექსტის გააზრება თუ არ შეუძლია? ასეთი ბავშვი ვერც  ბუნებისმცოდნეობას ისწავლის და ვერც სხვა საგნებს. რა ბუნებისმეტყველება, როდესაც მათემატიკაში ჩავარდნაა. პროპორცია თუ არ იცის ბავშვმა, ფიზიკას და ქიმიას ისწავლის? ამიტომ ვამბობ, რომ ორ მთავარ საგანს მყველაზე მეტი საათი უნდა ჰქონდეს. ჩემს საავტორო სკოლაში ქართულს პირველ კლასში 10 საათი ეთმობოდა, ახლა პიველ კლასში მგონი 6 თუ შვიდი საათია. წარმოიდგინეთ, სადამდე უნდა მიიყვანო ერი, რომ უძველესი წიგნიერების ქვეყანა, მესამე-მეოთხე საუკუნეებში ფოთში რიტორიკული აკადემია რომ ჰქონდა, დღეს წიგნიერებაში იმ ქვეყნებს ჩამორჩება, რომლებსაც ერთსაუკუნოვანი წიგნიერების ისტორია აქვთ. სრულიად სამარცხვინო მდგომარეობაა. მეტი რა გითხრათ..  

და ბოლოს, PISA-ს კვლევას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია(OECD) 3 წელიწადში ერთხელ ატარებს და მასში ორგანიზაციის წევრი და პარტნიორი ქვეყნები მონაწილეობენ. საქართველო PISA-ში 2009 წლიდან მონაწილეობს

PISA-ს კვლევას საქართველოში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს, რომლის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ გუშინ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.  

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში კატეგორიულად უარყოფენ ინფორმაციას, რომ გორგოძის გადადგომა PISA-ს კვლევებს უკავშირდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა