არხოტში, დოღის ცხენი 11 წლის მოზარდს დაეჯახა - ბავშვი ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს
არხოტში, დოღის ცხენი 11 წლის მოზარდს დაეჯახა. დაშავებული ბავშვი სამაშველო ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს და მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, დავით ნოზაძე.
„მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, შსს-სა და ჯანდაცვის მინისტრებს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. არხოტში მომხდარ სამწუხარო შემთხვევასთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიწოდებისთანავე, პირადად მათი ჩართულობის შედეგად, ყველა შესაბამისმა დანაყოფმა ოპერატიულად განახორციელა სათანადო ღონისძიებები.
ამ დროისთვის დაშავებული მოზარდი არხოტიდან თბილისში უკვე გადაყვანილია, მას შესაბამისი კვლევები უტარდება და სათანადო სამედიცინო მკურნალობას გადის“, - წერს დავით ნოზაძე სოციალურ ქსელში.