ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასს“ მოუწოდა, ისრაელის არმიას დანებდეს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰამასის“ დასასრული ახლოვდება. ისრაელის პრემიერის ოფისმა 10 დეკემბერს, ღამით, გაავრცელა ნეთანიაჰუს 24-წამიანი ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ ბოლო დღეებში ისრაელის თავდაცვის ძალებს ჩაბარდა „ჰამასის ათეულობით ტერორისტი“. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანახმად, ომი ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ ეს „ჰამასის“ დასასრულის დასაწყისია. ბენიამინ ნეთანიაჰუ „ტერორისტებს“ მიმართავს, რომ „ყველაფერი დამთავრებულია“, ნუღარ დაიხოცებიან და ახლავე დანებდნენ.
ისრაელის არმიას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს, პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ რამდენი წევრი ჩაბარდა ისრაელელ სამხედროებს.
10 დეკემბერს „ჰამასის“ ტელევიზიით გადაიცა მოძრაობის სამხედრო ფრთის პრესმდივნის, აბუ ობეიდას განცხადება, რომ ისრაელის არმია „ჰამასს“ ვერ გასტეხს და საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება. ისრაელის გარდა, „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებენ აშშ და ევროკავშირი.