“მოვაწერ მის პეტიციას ხელს, თუ სააკაშვილის ხელმოწერაც იქნება" - გიორგი მარგველაშვილი
ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომელიც 13 დეკემბერს ორბელიანების სასახლეში გაიმართება, არ მივა. როგორც მარგველაშვილი ამბობს, ზურაბიშვილის პეტიციას - ჩვენი ხმა ევროპას - მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ მასზე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელმოწერაც იქნება.
"პირველ რიგში გამიკვირდა, როდესაც პრეზიდენტი ლაპარაკობს და პრეზიდენტებს არ ახსენებს და პრემიერმინისტრებით შემოიფარგლება მარტო თავის საჯარო განცხადებაში. მეორე, მე ვუთხარი ადმინისტრაციას, რომ ასეთ პეტიციას მოვაწერ მარტო ისეთ შემთხვევაში ხელს, თუ იქნება სააკაშვილის ხელმოწერა. მე პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს ვცემ. ძალიან იოლად გაკეთებადია, შეუძლიათ, შეიტანონ და მოაწერინონ სააკაშვილს ხელი" - თქვა მარგველაშვილმა.
მარგველაშვილის თქმით, კომიკურია, მიმართვაში პრეზიდენტმა პრეზიდენტი არ ახსენოს და ყოფილი პრეზიდენტების ხელმოწერები პეტიციაზე არ იყოს.
"მე ყოველთვის გამოვხატავდი პატივისცემას ქალბატონი სალომეს, როგორც პრეზიდენტის მიმართ. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა პრეზიდენტი უნდა ახსენოს. ცოტა კომიკურია, რომ სააკაშვილის ხელმოწერა არ იყოს იქ და ჩემი ხელმოწერა არ იყოს. პრეზიდენტმა ეს უნდა უზრუნველყოს. მისვლით ნამდვილად არ მივალ ასეთი დაპატიჟების მერე. ერთი ვარ საქართველოში, რომელიც ცოცხალია, გარეთ არის და საქართველოშია. რაც შეეხება ხელმოწერას, დაველოდები, რომ სააკაშვილმა მოაწეროს ხელი და მიმაჩნია, რომ ასეთი პეტიცია სააკაშვილის და ჩემი ხელმოწერის გარეშე კითხვის ნიშნებს გააჩენს".
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, 13 დეკემბერს ათონელის რეზიდენციაში შეხვედრას გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
როგორც ზურაბიშვილი ამბობს, შეხვედრაზე ელჩებს მის მიერ შეგროვილ ხელმოწერებს გადასცემს. ღონისძიებაზე მიწვეული არიან საქართველოს ამჟამინდელი და ყოფილი პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები - ამის შესახებ მან ევროპული კამპანიის ფარგლებში - ,,ჩვენი ხმა ევროპას“, ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ტელეხიდზე ისაუბრა.