თეგებით ძიება

თბილისის ბიუჯეტი 200 მილიონი ლარით იზრდება და რეკორდულ ₾2 მილიარდს მიაღწევს - კახა კალაძე

2024 წელს თბილისის ბიუჯეტი 200 მილიონი ლარით გაიზრდება და რეკორდულ 1.96 მილიარდ ლარს მიაღწევს - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

საქმე ისაა, რომ 2023 წლის 15 დეკემბერს თბილისის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის ბიუჯეტი 1.76 მილიარდი ლარის ოდენობით, თუმცა როგორც დღეს კახა კალაძემ განაცხადა, გასულ წელს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა, რის გამოც წელს ბიუჯეტს 100 მილიონი ლარი გადმოჰყვა, ასევე 100 მილიონი ლარი არის გადმოსული სხვადასხვა პროექტის ათვისების ბიუჯეტიდან, რომელთა შესრულებაც წელსაც გაგრძელდება. შესაბამისად, ბიუჯეტის მოცულობა 200 მილიონი ლარით იზრდება.

„2023 წელი საკმაოდ წარმატებით დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტის შესრულება 95%-მდეა. რაც შეეხება საშემოსავლო ნაწილს, მისი შესრულება, დაახლოებით, 100 მლნ ლარით არის გადაჭარბებული. გარდა ამისა, გარკვეული თანხები წინა წელს დაწყებული სამუშაოებიდან გადმოგვყვა, რომელიც დამატებით შემოსავლებთან ერთად, მთლიანად აისახება მიმდინარე წლის ბიუჯეტში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც 1 763 000 000 ლარის ოდენობით დამტკიცდა, გახდება 1 963 000 000 ლარი, რაც საშუალებას მოგვცემს, ქალაქისთვის უფრო მეტი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი განვახორციელოთ. პირობას გაძლევთ, რომ 2024 წელი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილებები დედაქალაქის ბიუჯეტში თებერვალში აისახება და მასზე საკრებულო იმსჯელებს.

დღესვე დედაქალაქის მერმა დააანონსა ახალი პროექტი, რომელსაც მერია აფინანსებს. საუბარია პროექტზე, რომლითაც ბაგები საბურთალოს ხიდის, შემდეგ კი, გვირაბის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს.

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. მშენებლობა კი, დაწყებიდან 6 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა