კიმ ჩენ ინი რაკეტებიდან კვერცხის წარმოებაზე გადადის
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ფრინველის ხორცისა და ქათმის კვერცხის წარმოების გაზრდის განკარგულება გასცა. ინფორმაცია ჩრდილოკორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტოს ვებგვერდზე ვრცელდება.
კიმმა ეს განცხადება კვანჩხონში გახსნილი მეფრინველეობის ახალი ფერმის მონახულების დროს გააკეთა. ის კმაყოფილი დარჩა ხორცისა და კვერცხის წარმოების თანამედროვე დონითა და ავტომატიზაციით. ახალი ქარხნის მაგალითზე კიმ ჩენ ინმა თავის ხელქვეითებს სხვა ფერმების მოდერნიზებისკენ მოუწოდა. მან დააანონსა, რომ 2024 წელს იგივე საწარმოს გახსნა ფხენიანშიც იგეგმება.
„აუცილებელია, მუდმივად გაიზარდოს საწარმოო შესაძლებლობები, რომ ხალხს გაცილებით მეტი ქათმის ხორცი და კვერცხი მივაწოდოთ,“ - აცხადებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი.
სააგენტო შენიშნავს, რომ კიმ ჩენ ინი ამ საწარმოს მშენებლობის ინიციატორია და მეფრინველეობის ფერმა „მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩრდილოკორეელი ხალხის კვების გაუმჯობესებაში.“
მანამდე, 6 იანვარს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კვლავ ქალიშვილ კიმ ჩჟუ-ესთან ერთად გამოჩნდა, რომელსაც მის მემკვიდრედ მოიაზრებენ. ისინი ბალისტიკური რაკეტების გამშვები მობილური მოწყობილობების საწარმოო ქარხანას ეწვივნენ.
ცნობისთვის: 2021 წლის ოქტომბერში კიმ ჩენ ინმა მოქალაქეებს მოუწოდა, ნაკლები ეჭამათ, ვიდრე 2025 წელს ჩინეთთან საზღვრები კვლავ არ გაიხსნება. იმავე თვეში მან 140 კგ-დან 20 კგ დაიკლო. მაშინ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ კიმი ჯანმრთელია და უბრალოდ, „ნაკლებს ჭამს თავისი ქვეყნის გულისთვის, რომელიც სურსათის დეფიციტს ებრძვის."
ამასთან, გასული წლის მარტში კიმ ჩენ ინმა არმიას მოუწოდა, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხედროები საკუთარ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში ჩაერთონ. მაშინ New York Times ჩრდილოკორეის პროვინცია ჰამგენ-პუქტოში მყოფ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ხელისუფლება საბრძოლო მასალის მწარმოებელი ზოგიერთი ქარხნის ტრაქტორებისა და სალეწი მანქანების საწარმოებად გადაკეთებას, ასევე, სამხედრო ნაწილებში ფერმებისა და სათბურების მოწყობას გეგმავდა.
სამხრეთ კორეის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის უამრავ პროვინციაში შიმშილით სიკვდილის შემთხვევები იზრდება. ამის მიუხედავად, კიმ ჩენ ინის რეჟიმი სხვა ქვეყნებისგან დახმარების წინააღმდეგია. 38North.org-ის მონაცემებით, ქვეყანაში საკვების ხელმისაწვდომობა ასეთი არამდგრადი 1990-იანი წლების შიმშილობის შემდეგ არ ყოფილა, როცა შიმშილით ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა. მსოფლიოს სასურსათო პროგრამის მონაცემებით, 2022 წელს ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის 40%-ზე მეტი, დაახლოებით 10.7 მილიონი ადამიანი არასაკმარისად იკვებებოდა და ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებდა.
წყარო : bpn.ge