ანგელოზებიანი სახლი აღმაშენებელზე და მისი მფლობელის სევდიანი სიყვარულის ისტორია
ბევრ თბილისელს უნახავს დავით აღმაშენებლის 36 ნომერში მდებარე სამსართულიანი სახლი, რომელიც ევროპული მოდერნის ქართულ კატალოგშია შესული და ტურისტებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს.
ამ სახლის აშენებას ცნობილმა მეცენატმა და საზოგადო მოღვაწემ, ერასტი ჭავჭანიძემ 20 წელი მოანდომა და 1903 წელს დაასრულა. ჭავჭანიძეს არქიტექტორები და მხატვრები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან და იტალიიდან ჰყავდა მოწვეული და მშენებლობას თავად ხელმძღვანელობდა. სახლი მერცხლებით, პეპლებით, ანგელოზებითა და პალმებში ჩაფლული ლამაზი ხედებით ფლორენციელ მხატვრებს მოუხატავთ..
„ტალღოვანი კარნიზები, ნაძერწი გირლანდები, ყვავილოვან ორნამენტებში ჩართული უჩვეულო კრონშტეინები თუ რკინის შეკიდული აივნების მოაჯირები. სადარბაზო მთლიანად შემკულია იმ დროისათვის დამახასიათებელი მოხატულობით.“ – ვკითხულობთ ჭავჭანიძის სახლის შესახებ „თბილისის არქიტექტურულ გზამკვლევში“.
ერასტი ჭავჭანიძის სახლს ეზოს მხრიდან ხის აივნები აქვს, გარე ფასადიდან ანგელოზები დაგვცქერიან, კიბის ქვედა ნაწილები კი მოჩუქურთმებული და ყვავილებით მოხატულია. კედლებს ულამაზესი პეიზაჟები ამშვენებს. აქვე ნახავთ სცენებს „ვეფხისტყაოსნიდან“, რომელიც მხატვარ მიხაი ზიჩის ილუსტრაციების მიხედვითაა შექმნილი.
სახლს, რომელშიც ოდესღაც ერასტი ჭავჭანიძე თავისი ცოლ-შვილით ცხოვრობდა, ახლა მისი შთამომავლები ფლობენ.
მეცენატის შვილიშვილი, თამარ ჭავჭანიძე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ბაბუა 34 წლის ასაკში დაქორწინდა და ცოლად ნინო კოპაძე-მაისურაძე მოიყვანა. ერასტის მეუღლე თავდავიწყებით ყვარებია და ეს ულამაზესი სახლი სწორედ მას აუშენა. სამწუხაროდ, ახალგაზრდა წყვილის ოჯახური ცხოვრება ტრაგიკული გამოდგა - ჯერ ორი ვაჟი დაეღუპათ, შემდეგ კი 9 თვის ორსული ნინო იმ დროს გავრცელებულ დაავადებას, “ისპანკას” შეეწირა. საყვარელი მეუღლის გარდაცვალბის შემდეგ ერასტი ჭავჭანიძეს ცოლი აღარასოდეს მოუყვანია. ის 1938 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია კუკიაზე, საყვარელი მეუღლისა და შვილების გვერდით.

ერასტი ჭავჭანიძის სახლს 2016 წელს სახლს სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.
