თეგებით ძიება

ამ სეზონზე გრიპით გარდაცვალების 2 ფაქტი გვქონდა, არაფერი საგანგაშო და საპანიკო სიტუაცია არ არის - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ რესპირაციული ინფექციების მხრივ საქართველოში განსაკუთრებული არაფერი ხდება.

მისი თქმით, გადაჭარბებულია ემოციები, თითქოს კლინიკებში ადგილები არ არის.

ამასთან, ცერცვაძე ამბობს, რომ წინა წლებში კოვიდპანდემიის გამო რესპირაციული ვირუსები ცოტა იყო.

"საქართველოში რესპირატორული ინფექციების დღევანდელი დონე შეესაბამება იმას, რაც იყო წლების მანძილზე, თუ არ ჩავთვლით კოვიდის სამ წელს. მოსახლეობა ხშირად ზედმეტად განიცდის ახლანდელ მატებას, რადგან მიეჩვია, კოვიდის პანდემია როდესაც იყო, რესპირატორული ვირუსები ძალიან ცოტა იყო. კოვიდის დროს სახელმწიფოს ჰქონდა ძლიერი საპასუხო ზომები, ეს იყოს პირბადე, საზოგადოებრივ ადგილებში თავშეყრისგან თავის შეკავება, არ იყო კონცერტები, სპორტული ღონისძიებები, ქორწილები-ქელეხები შეზღუდული იყო, ეს კოვიდის პრევენციისთვის თუ იყო საჭირო, ამავე დროს ხდებოდა რესპირატორული ვირუსების პრევენცია, პრაქტიკულად არ იყო რესპირატორული ვირუსები. კოვიდზე შეზღუდვები როდესაც მოიხსნა, ამ ინფექციებმა მოიმატა და დაუბრუნდა თავის პირვანდელ დონეს, მეტი არაფერი. არაფერი საგანგაშო სიტუაცია არ არის, გადაჭარბებულია ზედმეტი აჟიტირება და ემოციები, თითქოს ადგილები არ არის კლინიკებში, რამდენიც გინდათ, იმდენი ადგილია. შესაძლოა, ერთი-ორი პედიატრიული კლინიკა ერთი-ორი დღით გადაიტვირთა, მაგრამ ამაში საპანიკო არაფერია, ის გადაიტვირთა, სხვა კლინიკებია. ასე რომ, ჩვეულებრივი სიტუაციაა ამ სეზონისთვის დამახასიათებელი" - თქვა ცერცვაძემ.

ცერცვაძე ასევე ამბობს, რომ რესპირატორულმა ინფექციებმა, შესაძლოა, თებერვალ-მარტში მოიმატოს.

"სწავლა ახლახან განახლდა და ჯერჯერობით ძნელია თქმა მოიმატა, თუ არა შემთხვევებმა, ჩვენ ჯერ არ შეგვიმჩნევია. ზოგადად, რესპირატორულ ინფექციებს ორი პიკი აქვს, ნოემბერი-დეკემბერი და თებერვალი-მარტი. ასე რომ, თებერვალ-მარტში შეიძლება, მოიმატოს, მაგრამ სავალდებულო არ არის. შეიძლება, არც მოიმატოს, რომც მოიმატოს, არაფერი ამაში ექსტრაორდინარული და საგანგაშო არ იქნება, რამეთუ საქართველოში ძალიან კარგად იმართება რესპირაციული ინფექციები. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ სადღეისოდ ერთ-ერთი ყველაზე დაბალია გარდაცვალებათა რაოდენობა საქართველოში როგორც კოვიდის დროს, ისე სხვა რესპირაციული ინფექციების. მაგალითად, გრიპის დროს. გრიპით მატების დროს სულ გვქონდა ამ სეზონზე გარდაცვალების ორი ფაქტი დასავლეთ საქართველოში. ხოლო "კოვიდით" გარდაცვალება საერთოდ არ გვქონია. ეს ცალსახად მიუთითებს, რომ საქართველოში განსაკუთრებული არაფერი ხდება რესპირაციული ინფექციების მხრივ. მეორე, თუ არის მატება და სიჭარბე, ის ძალიან კარგად იმართება. კოვიდმა რაღაცა კარგი კვალი დატოვა, ეს არის ის, რომ მან ხელი შეიწყო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას. კერძოდ, რესპირაციული ინფექციების მართვის კუთხით. ეს ეხება როგორც ინტელექტუალურ დონეს, ისე ინფრასტრუქტურას. მკვეთრად ამაღლდა ექიმების მომზადების დონე, მათ შორის ყველა სუსტი რგოლი საქართველოში იყო ოჯახის ექიმები და დაინერგა ახალი მეთოდები, შეიქმნა სისტემური მიდგომები ამ რესპირაციული ვირუსების მართვით კუთხით. ყველაფერი ამის დადებით შედეგს ვიმკით ახლა. მიუხედავად სერიოზული მატებისა და საკმაოდ მძიმე ფორმების საკმაო სიხშირისა, ჯანდაცვის სექტორი ამას ძალიან კარგად უმკლავდება მინიმალური დანაკარგებით. ახლა აცრას აზრი მაინც აქვს. ოპტიმალური დრო აცრის არის ოქტომბერ-ნოემბერი. აცრის შემდგომ იმუნიტეტი იწყებს გამომუშავებას ორი კვირის შემდეგ. თუმცა პიკს ერთ ან ორი თვის მერე აღწევს. ახლა კლასიკურად აცრისთვის დაგვიანებულია, მაგრამ ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ თებერვალ-მარტში მეორე პიკია მოსალოდნელი, ასე რომ, აცრას აზრი აქვს, რათა თებერვალ-მარტის პიკს შევხვდეთ კარგი იმუნიტეტით", -  ამბობს ცერცვაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა