თეგებით ძიება
22. 01. 2024 მსოფლიო

დედამიწაზე შეიძლება ახალი ოკეანე წარმოიქმნას, რომელიც აფრიკის ნაწილს „ჩაყლაპავს“

დედამიწა ცოცხალი პლანეტაა, რომელიც გამუდმებით იცვლება და ზოგჯერ ამ პროცესს დრამატული შედეგებიც მოჰყვება. 

მაგალითად, 2018 წელს აფრიკაში, კენიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში უზარმაზარი ნაპრალი გაჩნდა. ეს ნაპრალი წვიმების კვალდაკვალ იზრდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შორეულ მომავალში ამ ადგილზე შეიძლება ახალი ოკეანე ჩამოყალიბდეს, თუმცა ამ პროცესს სავარაუდოდ, მილიონობით წელი დასჭირდება. დედამიწის ქერქი ამ ადგილას თანდათან გათხელდება, ჩაიძირება და მის ადგილას ოკეანე შემოვა.

„ეს დედამიწაზე ერთადერთი ადგილია, სადაც შეგიძლიათ დააკვირდეთ, როგორ შემოდის კონტინენტურ ნაპრალში ოკეანე“ - ამბობს The Economic Times-თან ინტერვიუში ლიდზის უნივერსიტეტის დოქტორანტი კრისტოფერ მური.

ნაპრალი ეთიოპიის უდაბნოში ჩამოყალიბდა. ახალი ოკეანის წარმოქმნის შემდეგ კენიასა და უგანდას სანაპირო ზოლი შეექმნებათ.

56 კილომეტრის სიგრძის ნაპრალი აღმოსავლეთ აფრიკის ნაპრალის სახელითაა ცნობილი. ნაპრალის ახალ ოკეანედ ტრანსფორმაციას 5-დან 10 მილიონ წლამდე დასჭირდება, - ამბობენ მკვლევრები.

„ადენის ყურე და წითელი ზღვა აფარის რეგიონს (ეთიოპია) და აღმოსავლეთ აფრიკის რიფტის ველს დაფარავს და ახალ ოკეანედ ჩამოყალიბდება, ხოლო აღმოსავლეთ აფრიკის ეს ნაწილი პატარა კონტინენტად იქცევა“, - ამბობს გეოფიზიკოსი და კალიფორნიის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი კენ მაკდონალდი.

ნაპრალის წარმოქმნის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ ეს შეიძლება ოკეანის ფსკერზე მიმდინარე ტექტონიკური პროცესებს უკავშირდება. მეორე ნაწილი დარწმუნებულია, რომ ნაპრალის გაჩენა ეთიოპიის უდაბნოებში ვულკან Erta Ale-ს გამღვიძებას მოჰყვა.

ნაპრალი სამი ტექტონიკური ფილის საზღვარზე მდებარეობს, რომლებიც გარკვეული დროის მანძილზე მოძრაობდნენ. გამოცემა The Jerusalem Post-ის ცნობით, სომალის, ნუბიის და არაბეთის ტექტონიკური ფილები ერთმანეთს წელიწადში ორი სანტიმეტრით შორდებიან.

როგორც ნიუ ორლეანის ტულანის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსმა, სინტია ებინგერმა აღნიშნა, შემთხვევითი არაა, რომ ნაპრალი პლანეტაზე ყველაზე ცხელ მხარეში წარმოიქმნა.

„აფარის რეგიონი ( ეთიოპიის რეგიონი) დედამიწის ზედაპირზე ყველაზე ცხელი ადგილია, სადაც დღისით ტემპერატურა 54 გრადუსს აღწევს, ღამით კი მხოლოდ 35 გრადუსამდე ეცემა“, - აღნიშნა ებინგერმა NBC News-თან საუბრისას.

კონტინენტების ორად გაყოფა ჩვეულებრივი ამბავია. მილიონობით წლის წინათ ასე გაჩნდა ატლანტის ოკეანეც. მილიონობით წლის შემდეგ კი აფრიკის აღმოსავლეთი კიდე კონტინენტის დანარჩენ ნაწილს გამოეყოფა და ინდოეთის ოკეანეში შეცურდება უზარმაზარი ახალი კუნძული.

დიდი ალბათობით, ამ კუნძულზე მოექცევა თანამედროვე ეთიოპიის, სომალის, კენიისა და ტანზანიის ტერიტორიები.

წყარო : funtime


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა