თეგებით ძიება

„ის ბებო ჩემთვის მაგალითია. ერთი ჩვეულებრივი, ჩია ქალი, მაგრამ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანი ჩემთვის“ - დაჩი პავლიაშვილი

კომპანია „ლემონს გრუპის“ დირექტორი, დაჩი პავლიაშვილი სოციალურ ქსელში კომპანიაში წლების წინ მომხდარ შემთხვევას იხსენებს.

„წლების წინ, ერთი გურული ბებო მყავდა მომხმარებელი.

ობიექტზე მოვიდა, პატარა, გამხდარი, წელში მოხრილი, შავებში ჩაცმული, ხელში ბაზრის ჩანთით, აკანკალებული ხმით.

მე, რა თქმა უნდა, არც კი დავუშვი რომ ბინას იყიდდა.

საუბარი ისე წავიდა შვილიშვილებისთვის ჩულქებში ჩაპუტნული 5 ლარიანების მაგივრად (ჩემი წარმოდგენით) ათობით ათას ლარზე მესაუბრებოდა.

-ბებო, წადი ახლა სახლში, აი ფურცელი, აქ დაგიწერე ყველაფერი, აი ჩემი ნომერიც. სახლში გაესაუბრე შვილებს, ხვალ მათთან ერთად გამომიარე.

- შვილიშვილისთვის მინდა ბებია!

- ხო ბებო, მაშინ შვილიშვილთან ერთად მოდი, ხომ უნდა ნახოს ბინა.

მოკლედ, პატარა დიალოგის მერე წავიდა ბებო.

მაინც არ ვფიქრობდი, რომ იყიდდა. ვიფიქრე გამოუშვეს სახლიდან პირობების გასაგებად.

ზუსტად ერთ საათში მირეკავს.

- ბებია, დაჩი ხარ? 

- კი, მე ვარ.

- მივედი ახლა ბანკში და ვერ გეიგო ამ გოგომ სად ჩარიცხოს.

- რა ბებო? რეკვიზიტები არ მომიცია, რას გაიგებს.

- 30 000 ლარი ბებია, უთხარი ჩამარიციხინოს შენთან. 

გავშრი, გავშრი კიარა გავშტერდი.

- კომპანიაში უნდა ჩარიცხოს ბებო.

ბევრი ვიწვალეთ, და დღე ისე დასრულდა, რომ იყიდა ბებომ, ოღონდ რაც თვითონ უნდოდა, შვილიშვილს ვინ კითხავს.

დადიოდა ეს ბებო, ორი წლის მანძილზე, ყოველ გადახდას პირნათლად იხდიდა, მეტობითაც კი.

ბებო დიდი ხანი აღარ გამოჩნდა. 

რაღაც ნაწილი ქონდა დასაფარი, ვერც დავუკავშირდით.

მოვიდა ერთ დღეს და მთხოვა ცოტა გადამევადებინა გადასახადი, ცუდად იყო. ერთი წელი გავუხანგრძლივე განვადება.

დაფარა ბებომ, არც ერთი თეთრი აღარ დაუტოვებია გადასახადი და ისე წავიდა. სიცოცხლის ბოლო წუთამდე იშრომა და შთამომავლებს თავისი ნაშრომი დაუტოვა. 

გვიან გავიგე მე. მისმა შვილმა დამირეკა ის ბინა გაყიდეს მალევე.

ასე იბრძოლა ჩვენმა 90 წლის გურულმა ბებომ. არასდროს დამავიწყდება. 

დღეს გამახსენდა ისევ, იმიტომ რომ ზუსტად ამ დღეს იყიდა.

ცოტა დიდი პოსტი გამოვიდა. ხოდა, არავინ არასდროს შეაფასოთ წინასწარ. 

ის ბებო ჩემთვის მაგალითია.

თითქოს არაფრით გამორჩეული, ერთი ჩვეულებრივი, ჩია ქალი.

მაგრამ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და დიდი ადამიანი ჩემთვის“, - წერს დაჩი პავლიაშვილი.

www.linkedin.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა