მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალურმა კომისიამ პატრიარქს შუამდგომლობით მიმართა, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას ყოველგვარი მღვდელმოქმედება შეუჩეროს
მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალურმა კომისიამ პატრიარქს შუამდგომლობით მიმართა, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას ყოველგვარი მღვდელმოქმედება შეუჩეროს. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
„კომისისამ განიხილა რამდენიმე საკითხი. კერძოდ: 1. ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის; 2. სოფელ დიღმის, წმ. მარინეს სახელობოს ტაძრის სამრევლოს წევრის, ლევან (ანასტასი) ზუმბაძის და 3. მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასი.
ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა კომისიის წევრების წინაშე ითხოვა შენდობა მასმედიის საშუალებით სასულიერო პირების მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო. მისი სინანულის საფუძველზე, კომისიამ შუამდგომლობით მიმართა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მიტროპოლიტ გიორგის (შალამბერიძე), რომ დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს სრულად აღუდგეს მღვდელმოქმედების უფლება.
კომისიის წევრების წინაშე შენდობა ითხოვა, ასევე, სოფელ დიღმის წმ. მარინეს სახელობის ტაძრის სამრევლოს წევრმა, ლევან (ანასტასი) ზუმბაძემ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მისამართით სოციალურ ქსელში მის მიერ გავრცელებული შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებების გამო.
კომისიამ მისცა გაფრთხილება, რომ, მსგავსი ქმედებების განმეორების შემთხვევაში, მას შეუჩერდება ზიარების უფლება.
მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზ პეტრე კვარაცხელია, მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, - უცხოეთში ყოფნის გამო, რაზეც მას, გაფრთხილების მიუხედავად, კურთხევა არ ჰქონდა აღებული.
კომისიამ არასაპატიოდ სცნო მისი არგუმენტები და შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ“, -აღნიშნულია განცხადებაში.