კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ინფორმაციის მიღება QR კოდების საშუალებით იქნება შესაძლებელი - კახა კალაძე
„პროექტ SCANTBILISI-ის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე განთავსდა QR კოდები, რომელიც აღნიშნული ძეგლების შესახებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საინტერესო ინფორმაციას აწვდის“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დღევანდელ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, QR-კოდი ჯამში, კულტურული მემკვიდრეობის 187 ძეგლზე განთავსდა:
„თბილისელებისა და ჩვენი დედაქალაქის სტუმრებისთვის ძალიან კარგი პროექტი
განხორციელდა კომპანია „სილქნეტისა“ და SOLARTIA GROUP-ის პარტნიორობით, რომელსაც თბილისის მერიამ დაუჭირა მხარი. პროექტის სახელწოდებაა SCANTBILISI – „დაასკანერე თბილისი“ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე განთავსებული QR კოდების საშუალებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აწვდის საინტერესო ინფორმაციას აღნიშნული ძეგლების შესახებ, ქართულ და ინგლისურ ენაზე. დედაქალაქისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობა უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. ჯამში, კულტურული მემკვიდრეობის 187 ძეგლზე განთავსდა QR-კოდი და მომზადდა შესაბამისი ინფორმაცია“, – თქვა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, შექმნილია სპეციალური ვებგვერდი www.scantbilisi.ge, რომელიც ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში მუშაობს. ვებგვერდზე თბილისში მდებარე ისტორიული ძეგლების სრული ჩამონათვალია განთავსებული და დეტალური აღწერა ახლავს.
„ვამაყობთ, რომ დედაქალაქში ძალიან ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
გვაქვს. „თბილისის განვითარების ფონდთან“ გვაქვს შესაბამისი პროგრამები, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას და განახლებას ემსახურება.
არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ძეგლების შენარჩუნეას, განახლებას და რეაბილიტაციას,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა როგორც კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე ხელოვნებათმცოდნეებსა და დარგის სხვა სპეციალისტებს, რომლებიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში იყვნენ ჩართული.