"ვანიდან დავიწყე და ახლა ნიუ-იორკში ვარ... მშენებლობაზე ვმუშაობდი, მერე ვვარჯიშობდი, პაემანზეც მივდიოდი და ყველაფერს ვასწრებდი" - მერაბ დვალიშვილის გზა წარმატებისკენ
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი ჰენრი სეჰუდო დაამარცხა. ეს დვალიშვილისთვის ზედიზედ მე-10 და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. სეხუდო UFC-ის მესამე ყოფილი ჩემპიონია, რომელიც მერაბ დვალიშვილმა დაამარცხა. აქამდე მან ჟოზე ალდოს და პიტერ იანსაც მოუგო. მერაბმა ნამდვილი შოუ დადგა და გამარჯვება ემოციურად იზეიმა. ბრძოლას Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ესწრებოდა, რომელმაც ქართველს პირველმა მიულოცა ეს გამარჯვება.
"ჩემი ხალხი ჩემით იამაყებს!" - ამბობდა დვალიშვილი ბრძოლამდე და ეს მართლაც მოახერხა. UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა დაადასტურა, რომ მერაბ დვალიშვილი შემდეგ ბრძოლაში ქამრისთვის იჩხუბებს. სოციალურ ქსელში წერენ, რომ დვალიშვილი, თოფურიას შემდეგ, მეორე ქართველი იქნება, ვინც UFC-ის ქართველი ჩემპიონი გახდება. აქამდე მისასვლეად კი მებრძოლმა ძალიან რთული გზა გაიარა.
ვინ არის მერაბ დვალიშვილი?
მერაბ დვალიშვილი 1991 წლის 10 იანვარს თბილისში, საქართველოში დაიაბადა. არის შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი, რომელიც ამჟამად იბრძვის აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC).
დვალიშვილი გაიზარდა თბილისში. ახალგაზრდულ ასაკში მან დაიწყო ვარჯიში ქართულ ჭიდაობაში, სამბოსა და ძიუდოში. 21 წლის ასაკში საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში და გახდა პროფესიონალური შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი. მისი მწვრთნელები არიან რეი ლონგო და მატ სერა.
2019 წელს დვალიშვილმა სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე, 68კგ წონით კატეგორიაში დაიკავა მეორე ადგილი. ის ფინალში რუს სტეფან კობენოვთან დამარცხდა.
მერაბს ამერიკელ ჰენრი სეჰუდოსთან ბრძოლამდე კარიერაში 16 მოგება და 4 მარცხი ჰქონდა, ხოლო სეხუდო ამ დაპირისპირებას 16 მოგებითა და 3 მარცხით შეხვდა. აღსანიშნავია, რომ მერაბს UFC-ში პირველი ორი მარცხის შემდეგ ზედიზედ 10 ბრძოლა აქვს მოგებული.
მერაბ დვალიშვილის წარსული
"ვანიდან დავიწყე და ახლა ნიუ იორკში ვარ“ - ეს ფრაზა მერაბ დვალიშვილის კარიერულ გზას საუკეთესოდ აღწერს. ალბათ, აქამდე მხოლოდ ფილემბში გვინახავს გმირების წარმოუდგენელი, თავგანწირული ბრძოლა დიადი მიზნებისთვის. მერაბის ისტორიაც ფილმის სცენარს ჰგავს.
2020 წელს სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილის ძმამ, მიხეილ დვალიშვილმა, UFC-ში მერაბის მე-5 ბრძოლის შემდეგ, ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ მისმა ძმამ აქამდე მოსასვლელად ძნელი გზა გაიარა. მერაბმა მაშინ ამერიკელი ქეისი კენი დაამარცხა და 12 გდების შესრულებით სუპერმსუბუქ დივიზიონში რეკორდი დაამყარა.
"მინდა მივულოცო ჩემს ძმას ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება. ვიცი, რომ ის კიდევ უფრო ბევრჯერ, უფრო დიდი მასშტაბებით ასახელებს საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰყავდა სპონსორი, მან შეძლო 7 წლის მანძილზე ემიგრაციაში მშენებლობაზე დამქანცველი სამუშაოს პარალელურად სპორტისთვის თავი არ დაენებებინა და დამოუკიდებლად მიდიოდა წარმატებისკენ. მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებისა, არ დაკარგა ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი. ასე ამაყად აფრიალებს ქართულ დროშას", - წერდა მიხეილ დვალიშვილი.
მანამდე, 2018 წელს, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ეგიდით მეორე ბრძოლა რიკი საიმონთან გამართა და დამარცხდა, თუმცა ბრძოლის შემდეგ, ყველამ აღიარა რომ მსაჯები შეცდნენ და ქართველს მოგება წაართვეს. მოგვიანებით, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში გულშემატკივარს მიმართა და ამცნო, რომ UFC-მ მისი და საიმონის დაპირისპირება ღამის საუკეთესო ბრძოლად დაასახელა და ქართველი 50 000 აშშ დოლარით წაახალისა.
"ცხოვრებაში პირველად წამახალისეს და სტიმული მომცეს, თან ასეთი. 6-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, საქართველოში წასვლა, ჩემი ოჯახის ნახვა და ჩახუტება დავიმსახურე. უკვე აღარ მომიწევს სპორტის პარალელურად მშენებლობაზე მუშაობა და მხოლოდ სპორტს დავუთმობ მთელ დროს,” - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.
სწორედ მაშინ გამოაქვეყნა ქართველმა მებრძოლმა პირველად ფოტოები საკუთარი წარსულიდან, თუ როგორ შრომობდა მშენებლობაზე და რა პირობებში უწევდა მას საკუთარი მიზნებისთვის ბრძოლა.
"36-ე სკოლაში ვსწავლობდი და ფიზკულტურის მასწავლებელი მყავდა, რომელიც თავად იყო კალათბურთელი. დაინახა ჩემში სპორტული მონაცემები და მითხრა, რომ სპორტით უნდა დაკავდეო. მეც ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ისეთი პერიოდი იყო, ახალი გადმოსულები ვიყავით სოფლიდან, ჩემი 2 ძმა სტუდენტი იყო, მშობლები უფრო გადართული იყვნენ იმაზე, რომ ბინის ქირა და სწავლის ფული გადაეხადათ. 15 ლარი იყო გადასახდელი, რომ ფეხბურთზე მევლო და რომ ვხედავდი, რამდენი შრომა უწევდათ ჩემს მშობლებს, ვერ ვთხოვდი ამ 15 ლარს.
მუშაობა მშენებლობაზე, რა თქმა უნდა, რთული იყო. სწრაფად უნდა მემუშავა, ღია ცის ქვეშ, ძალიან ციოდა. ხელები სულ გაყინული მქონდა, ცხელი წყლით ვითბობდი და მერე ისევ ვარჯიშზე მივდიოდი. სხვათა შორის, მარტო მე არ ვიყავი, ბევრი სპორტსმენი იყო, რომლებიც ჩემსავით ვარჯიშობდნენ და, პარალელურად, ასე მუშაობდნენ.
მშენებლობაზე ამ ფიზიკური დატვირთვის დროს სულ ვფიქრობდი, გამომივიდოდა თუ არა. სამსახურიდან რომ მივდიოდი, ისეთი დაღლილი ვიყავი, მეგონა, არ ვივარჯიშებდი ხოლმე, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე კარგად ვიყავი. ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურად გამაძლიერა ამ ყველაფერმა. ხომ ვმუშაობდი, ხომ ვვარჯიშობდი, მერე პაემანზეც მივდიოდი და მეორე დღეს ისევ ვმუშაობდი, ყველაფერს ვასწრებდი. ახლა ყველაფერი კარგადაა, სულ ვარჯიშზე ვარ გადართული და ბედნიერი ვარ" - ამბობდა მერაბ დვალიშვილი.