თეგებით ძიება

უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით არსებობს რისკები, მაგრამ ჯერჯერობით, სარგებელი აჭარბებს - ზაალ ანჯაფარიძე

2023 წლის ივნისში, საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების დადებიდან ორიოდე თვეში საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. 26 თებერვალს კი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა ჩინეთმა დააწესა. ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის გაღმავების გამო აღფრთოვანებას ვერ მალავს, ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსებისა და ტურიზმის სფეროს ექსპერტების ნაწილი  ენთუზიაზმს არ იზიარებს. მათი აზრით, არსებობს რისკი, რომ ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები საქართველოში მასობრივად დარჩნებიან, რაც დემოგრაფიული გამოწვევების მქონე ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება.

რა გველოდება მოვლენების არასასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში და აქვს თუ არა ხელისუფლებას მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილებისთვის რაიმე მექანიზმი? ამ კითხვებით „TIA.GE“ ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს დაუკავშირდა.

- უვიზო რეჟიმის რეგულაციებში მკაფიოდ არის გაწერილი თუ რამდენი დღე შეიძლება დარჩეს საქართველოს მოქალაქე ჩინეთში და ჩინეთის მოქალაქე საქართველოში და ეს 30 დღეა. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი რეგულირებას ექვემდებარება. როგორ მოხდება ამის რეგულირება, მაშინ ვნახავთ, როდესაც უვიზო რეჟიმი რეალურად ამოქმედდება, მაგრამ როდესაც პოლიტიკოსები ამ თემაზე უარყოფით კონტქსტში საუბრობენ, მეტი დასაბუთებაა საჭირო. ჩვენ პატარა ერი ვართ, ამიტომ მოსახლეობის მცირერიცხოვრებაზე და დემოგრაფიულ პრობლემებზე აპელირება  პოლიტიკური ქულების დაწერის კუთხით მოგებიანია. მე თუ მკითხავთ, უვიზო რეჟიმთან მიმართებაში არც თავზეხელაღებული ოპტიმიზმია გამართლებული, მაგრამ არც ის უკიდეგანო პესიმიზმი შეიძლება, რომელსაც ძირითადად, ხელისუფლების ოპონენტები იჩენენ. ჩვენ თუ გვინდა, რომ ქვეყანა დანარჩენი სამყაროსთვის გაიხსნას და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდეს, რის ძალიან დიდ დეფიციტსაც განვიცდით,  დანარჩენი მოსფლიოსთვის კარი თუ არ გავხსენით, როგორ მოხდება?  მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ღია ვართ დასავლეთთან ურთიერთობაში, იქიდან რაც საქართველო დამოუკიდებლად არსებობს, არანაირი სერიოზული ინვესტიცია არ შემოსულა, ჩინეთიდან კი არის პერსპექტივა, რომ მსხვილი ინვესტიციები შემოვიდეს. რა თქმა უნდა, ამას მკაცრი კონტროლი ჭირდება, რომ ინვესტორების სახით თაღლითური კომპანიები არ მივიღოთ, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურებზეა დამოკიდებული, რამდენად გაფილტრავენ ამ ყველაფერს. ასე, რომ არსებობს რისკები, მაგრამ ასევე არსებობს სარგებელი და მე თუ მკითხავთ, ჯერჯერობით, სარგებელი რისკებს აჭარბებს.

- მაღალი მიგრაციის პირობებში, ქვეყანაში  დემოგრაფიასთან დაკავშირებული გამოწვევები ჩინეთთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდეც არსებობდა, ამიტომ ბევრი არ დაგეთანხმებათ.

- ჩვენ ვცხოვრობთ გლობალიზაციის ეპოქაში. შესაბამისად, გლობალიზაციის ეპოქა მოსახლეობის მომატებული მიგრაციით  ხასიათდება. გადაავლეთ თვალი სხვა ქვეყნების მაგალითებს. ნახეთ  რამდენი მკვიდრი მოსახლე გავიდა  ბალტიისპირეთის ან სხვა ქვეყნებიდან. გასაგებია, რომ ჩვენ მცირე ერი ვართ და ამ წუხილს მეც ვიზიარებ, მაგრამ ალტერნატივა რა არის? იმ ადამიანებმა, ვინც დემოგრაფიაზე საუბრობს, თქვან ალტერნატივა რაში მდგომარეობს. თუ პირდაპირი ინვესტიციები არ შემოვიდა, თუკი სამუშაო ადგილები შედარებით მაღალი ანაზღაურებით არ შეიქმნა, თუკი საწარმოები არ გაიხსნა, სადაც ხალხი დასაქმდება, სულ რომ არავინ შემოვიდეს და საზღვრები ჩავკეტოთ, ხალხი უკეთესი ცხოვრების საძებნელად მაინც წავა, როგორც ეს ადრე ხდებოდა.. ყოველთვის მიდიდა ხალხი ემიგრაციაში, რომ მაღალშემოსავლიანი სამუშაო ეპოვა. ამ შემთხვევაში, სახემწიფომ რისკების შემცირება, დაბალანსება და რეგულირება უნდა მოახდინოს და რა თქმა უნდა, საზგადოებამაც თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.

- საზოგადოების პასუხისმგებლობაში რას გულისხმობთ?

-  ჩვენს შორის არიან ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე დიდი ტერიტრიები იყიდეს. ამ ტერიორიებზე არაფერი აუშენებიათ, უბრალოდ ელოდებოდნენ მომენტს, რომ სარფიანად გაეყიდათ და გაყიდეს კიდეც  უცხოელებზე. ჩვენი რეგიონები ასეთი ტერიტორიებით სავსეა. აქ ვინ არის დამნაშავე? 

- ალბათ კანონმდებლები სცოდავენ, რომლებმაც რისკები ვერ გაითვალისწინეს. 

- კი ბატონო, მაგრამ როდესაც კანონმდებლობაში გარკვეული აკრძალვები  შემოვიდა თუნდაც იგივე სასოფლო სამეურნეო მიწის გაყიდვაზე, ერთი ამბავი ატყდა, რომ ეს საერთაშორისო პრაქტიკას ეწინააღმდეგება და ასე შემდეგ. არც ის გვინდა, არც ეს და ვართ ასე ორ ცეცხლს შუა. ბოლოს და ბოლოს უნდა ვთქვათ, დანარჩენი მსოფლიოსთვის რა ტიპი სახელმწიფოდ ვყალიბდებით - დახურული თუ ღია ტიპის, რომ აქ ინვესტიციები და ტქნოლოგიები შემოვიდეს, სამუშაო ადგილები გაჩნდეს და ა.შ. თქვენ რომ ახსენეთ, იმ მაღალი მიგრაციის ერთ ერთი მიზეზი ისაა, რომ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები  არ შემოდის და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები არ იქმნება. ეს თითქოს ერთი ჯოხის ორი მხარეა, ამიტომ არჩევანის გაკეთება მოგვიწევს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა