თანამდებობის პირები, რომლებსაც მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები უკავშირდება
მაღალი დონის კორუფციის შესაძლო დარღვევებზე ინფორმაციის შეგროვებას და გავრცელებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აგრძელებს.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ სიაში შესულია კორუფციის ის სავარაუდო შემთხვევები, რომლებშიც ფიგურირებენ მაღალი თანამდებობის პირები, სადაც გამოკვეთილია ქმედება, რომელიც შეიცავს კორუფციის ნიშნებს და რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია დისციპლინური, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ასევე, რომელთა შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, საფუძვლიანი გამოძიების ჩატარების გარეშე, აღძრავს დასაბუთებად ეჭვს კორუფციული დარღვევის არსებობის შესახებ.
ბოლო განახლებით, მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევებში შესულია ჯამში 173 საქმე. 2024 წლის სია კი ასეთია:
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილი წევრის, სერგო ხაბულიანის კომპანიამ 2011 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებით 306 909 196 ლარი მიიღო. ხაბულიანის კომპანიას მოგებული 68 ტენდერიდან 33-ში კონკურენტი არ ჰყოლია, ხოლო 16 ტენდერი სხვა მონაწილეთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო. ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, ხაბულიანმა და მისმა ოჯახმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ 398 000 ლარი გაიღეს.
ასევე,“ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, ხობის მერიამ 2024 წლის 17 იანვარს 6 სხვადასხვა დასახლებაში გზების რეაბილიტაციაზე ერთი ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულება 10 818 151 ლარია. მერიის მიერ დადგენილი სატენდერო პირობები კონკურენციას ზღუდავს და სავარაუდოდ, მორგებულია სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია სს არქეოპოლისზე. ხობის მერიის 2023 წლის იანვარში გამოცხადებულ მსგავს ტენდერში სს არქეოპოლისმა უკონკურენტოდ გაიმარჯვა.
„სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ ლევან გამყრელიძის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები და დანახარჯები ერთმანეთს არ შეესაბამება“ - ამის შესხებ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ლევან გამყრელიძემ 2023 წელს მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონება შეიძინა და მეუღლესთან ერთად 90 819 ლარი სარემონტო მასალებში დახარჯა, შემოსავლის სახით კი, მხოლოდ 104 775 ლარი მიიღო.
„სტუდია მონიტორის“ ინფორმაციით, ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს სავარაუდო კორუფციულ სქემას, თუ როგორ იღებენ თბილისის ყველაზე პრესტიჟულ სატყეო ზონებსა და მწვანე სივრცეში მშენებლობის ნებართვებს ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები და მმართველი პარტიის შემწირველები. პირველ ეტაპზე თბილისის სატყეო და სარეკრეაციო ზონებში თბილისის საკრებულო ტერიტორიებს ზონალურ სტატუსს უცვლის, შემდეგ კი მერია მშენებლობის ნებართვებს გასცემს. სპეციალისტების შეფასებით ამ ტერიტორიებზე გაჩეხილი ტყე და დაკარგული რეკრეაციული სივრცეები სტიქიური უბედურებების შემთხვევების რისკს ზრდის.