„თუ მიმკედებელი არ აცრის ძაღლს, ჩათვალეთ ქალაქში ერთით მეტი ცოფიანი ძაღლი გვეყოლება” - ტასო ლოსაბერიძე
სამზე მეტი შინაური ცხოველის ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები, კატისა და ძაღლის გამრავლების უფლება მხოლოდ კანონის შესაბამისად ავტორიზებულ საშენებს ექნებათ, ე.წ. მეტისი ცხოველების პატრონები ვალდებული ხდებიან, უზრუნველყონ მათი კასტრაცია/სტერილიზაცია ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობიდან სამი თვის ვადაში - ამ და სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებით ახალ კანონპროექტს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ პარლამენტში განიხილავენ. საინტერესოა, რას ფიქრობენ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, უფლებადამცველები და მათი აზრით, მოაგვარებს თუ არა ეს კანონი შინაურ ცხოველებთან მიმართებაში არსებულ პრობლემებს? TIA.GE ცხოველთა უფლებადამცველს, ტასო ლოსაბერიძეს ესაუბრა:
- ახალი კანონპროექტის მიხედვით, შინაური ცხოველების მეპატრონეებსა და კინოლოგებს შესაბამისი სერტიფიცირება დასჭირდებათ... თქვენი აზრით, ეს აუცილებლობას წარმოადგენს?
- კინოლოგებს, რა თქმა უნდა, ძაღლებთან მუშაობის დაწყებამდე სერთიფიკატი აუცილებლად სჭირდებათ, თუმცა მომავალ მეპატრონეებზე ეს არ უნდა გავრცელდეს. რიგირთ ადამიანს, რომელსაც შინაური ცხოველი ჰყავს არანაირი სერტიფიკატი არ სჭირდება.
- ასევე, ეს კანონპროქტი, ნასამართლევ ან/და ფსიქიურად დაავადებულ ადამიანებს კონკრეტული ძაღლის ჯიშების პატრონობას უკრძალავს...
- ეს აკრძალვა ვრცელდება ძაღლების იმ ჯიშებზე, რომლებიც მომატებულ რისკ ჯგუფებში შედიან, მაგალითად არგენტინული დოგი ან პიტბული - ისეთი ძაღლები, რომლებიც შეიძლება ცუდად აღვზარდოთ და შემდეგ ცუდი შედეგი დადგეს. ამ რისკის ჯგუფის ძაღლებთან უნდა ვიყოთ ფრთხილად, რადგან მათი არასწორი აღზრდა ცუდ შედეგს მოგვცემს. თუმცა, ვერ გეტყვით, ამ შემთხვევაში აქ რამდენად ირღვევა ადამიანის უფლება...
- სამზე მეტი ცხოველის ყოლის უფლების შეზღუდვა, მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის მომატებას ხომ არ გამოიწვევს?
- ეს კანონი არ ეხება ქუჩიდან აყვანილ ცხოველებს და ეს ერთგვარი წახალისებაა. შეზღუდვა მოქმედებს სამზე მეტ ნაყიდ ცხოველზე, რომელიც უნდა დაარეგისტრიროს მეპატრონემ აყვანისას. ჩვენ შეგვიძლია სამზე მეტი ცხოველი ავიყვანოთ ქუჩიდან და თავშესაფრიდან, უბრალოდ შემგროვებლობაში არ უნდა გადაგვეზარდოს, რაც შემდეგ არღვევს ცხოველების უფლებებს, რადგან მათ არ აქვთ ხშირად სათანადო კვება ან, თუნდაც აცრები.
- რას შეცვლიდით თქვენ, როგორც უფლებადამცველი, კანონპროექტში ?
- ნორმალური კანონპროექტებია, ამ ეტაპისთვის, თუმცა საკამათოა მიკედლებული ძაღლების ვაქცინაციის ნაწილი. ვგულისხმობ, იმას, რომ ადამიანებს, რომლებიც იკედლებენ ძაღლებს, გაუუქმდებათ ვაქცინაციას... და თუ ისინი ცხოველებს არ აცრიან ან საქმის კურსში არ ჩააყენებენ რაიონალურ ცენტრებს, ჩათვალეთ ქალაქში ჩვენ გვეყოლება ერთით მეტი ცოფიანი ძაღლი. ჩემი აზრით, სამომავლოდ თუ საერთოდ გაქრება მიმკედებლის ინსტიტუტი კარგი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენნაირი ქვეყნისთვის ეს ძალიან საჭიროა.
ესაუბრა ნინო სილაგაძე