"სპეციალისტების ნაკლებობა ყველაზე მწვავედ იგრძნობა მშენებლობის სექტორში“ - რომელ სფეროში რა პრობლემები აქვს ბიზნესს?
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს აქვეყნებს.
როგორც ბიზნესასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2025 წლის 1-ელ კვარტალში, 2024 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით, 9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც თვლიან, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისთვის არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები.
ამასთან, BAG ინდექსის თანახმად, 2025 წლის 1-ელ კვარტალში, ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორია: ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა, სპეციალისტების ნაკლებობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, სამუშაო ძალის ნაკლებობა და მოთხოვნის სიმცირე.
ძირითადი ხელის შემშლელი ფაქტორები გამოკითხული კომპანიებისთვის 2025 წლის 1-ელ კვარტალში:
ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა - 56%;
სპეციალისტების ნაკლებობა - 40%;
სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები - 38%;
სამუშაო ძალის ნაკლებობა - 33%;
მოთხოვნის სიმცირე - 24%.
სექტორებისა და საწარმოთა ზომის მიხედვით, 2025 წლის 1-ელ კვარტალში:
ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა განსაკუთრებით პრობლემურია ვაჭრობის სექტორში (78%) და მცირე ბიზნესისთვის (42%).
სპეციალისტების ნაკლებობა ყველაზე მწვავედ იგრძნობა მშენებლობის სექტორში (60%) და საშუალო ზომის კომპანიებში (45%).
სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები თითქმის თანაბრად აწუხებს ყველა ზომის კომპანიას, განსაკუთრებით კი მშენებლობის სექტორს (50%).
სამუშაო ძალის ნაკლებობა ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში (60%) დგას, მცირე და მსხვილი ზომის კომპანიებისთვის კი თანაბრად პრობლემურია (21-21%).
მოთხოვნის სიმცირე ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორს (33%) აწუხებს, თუმცა მშენებლობის სექტორში ეს პრობლემა საერთოდ არ აღინიშნება.