პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დადებული ვეტო დაძლია
საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დადებული ვეტოს დაძლია.
მანამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა პრეზიდენტის მიერ მომზადებული მოტივირებული შენიშვნები, რომელთაგან ერთ-ერთი ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის პოსტის შენარჩუნების მოთხოვნას ითვალისწინებს.
სალომე ზურაბიშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო 5 მარტს დაადო. მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტმა პარლამენტს შემდეგი შეთავაზებით მიმართა:
„საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, 2024 წლის პირველ მაისამდე გამოაცხადოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე განსაწესებელი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატისა და ცესკოს ყველა იმ არჩეული წევრის თანამდებობაზე განსაწესებელი ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსი, რომლის უფლებამოსილების 6-თვიანი ან 5-წლიანი ვადაც გასულია ან 2024 წლის პირველ მაისამდე გადის და შექმნას ამ კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია. ამის შემდეგ, კანონის თანახმად, გაგრძელდეს შესაბამის პირთა ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს აღნიშნული წევრების თანამდებობებზე განწესებისთვის დადგენილი სათანადო პროცედურები“.