პარლამენტის ბიურომ 2-5 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა
საქართველოს პარლამენტის ბიურომ 2-5 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა. ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა. ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს შორის არის „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ყველას ექნება შესაძლებლობა აღნიშნული კანონპროექტის განხილვაში ჩაერთოს.
„პარლამენტის ფარგლებში, გაეროს განვითარების სააგენტოს დახმარებით ჩატარდა კვლევა, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების კვალდაკვალ, პარლამენტმა როგორ შეინარჩუნოს ბმა რეგიონში მოსახლეობასთან და რა გამოცდილება არსებობს ამ მხრივ სხვა ქვეყნებში. ამ კვლევის ფარგლებში გაიმართა მსჯელობა, რომ პარტიებმა გარკვეულწილად საკუთარ თავზე აიღონ და მოსახლეობას, ამომრჩევლებს მისცენ შესაძლებლობა, თავიანთი წარმომადგენლები დაინახონ პარტიულ სიაში. ეს არის სწორი და მათ შორის, მარტივი გზა, რომ პარტიებმა ამომრჩევლებს შესთავაზონ, თუ ვინ შეიძლება მათი სახელით მოქმედებდეს ამ პარტიების ფარგლებში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განმარტა, საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად, ყოველთვის შეეძლო რომელიმე დეპუტატს დაჰკავშირებოდა.
„ახლა მოსახლეობას გარკვეული კითხვები უჩნდება, პროპორციული სისტემით არჩეული 150 დეპუტატიდან ვინ შეიძლება იყოს მისი ინტერესების წარმომადგენელი. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, სწორი იქნება თითოეულმა პარტიამ, არჩევნებში მონაწილე სუბიექტმა განსაზღვროს კონკრეტული დეპუტატობის კანდიდატი კონკრეტულ ოლქში/მუნიციპალიტეტში, რომელთანაც, არჩევნებში მოპოვებული წარმატების შემთხვევაში, მოსახლეობას შეიძლება ჰქონდეს წვდომა. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მოსახლეობას 150 დეპუტატიდან ნებისმიერთან ჰქონდეს კომუნიკაცია და საკუთარი პრობლემის წარდგენის შესაძლებლობა“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, „საარჩევნო კოდექსში“ აღნიშნული ცვლილება მოსახლეობასთან არაერთი შეხვედრის გაანალიზების შედეგად მომზადდა.