სამართალდამცავებით გადაჭედილი ჭიჭინაძის ქუჩა - რა ხდება პარლამენტის შესასვლელთან (ფოტოები)
ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც პარლამენტის უკანა შესასვლელია, ამ წუთებში სამართალდამცავთა უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან, საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები.
ეს სწორედ ის შესასვლელია პარლამენტის, საიდანაც ახლად არჩეული პარლამენტის წევრები საკანონმდებლო ორგანოში უნდა შევიდნენ.
ასევე თავისუფლების მოედანზე სპეცტექნიკაც გამოჩნდა. ადგილზე შსს-ს მიერ ახლად შეძენილი წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს.
თავის მხრივ, ადგილზე რჩებიან აქციის მონაწილეები, რომლებსაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი.
ინფორმაციისთვის, დღეს 12:00 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა გაიმართება, სადაც მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მოხდება. ოპოზიციური პარტიები და აქციის მონაწილეები ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, რის საპროტესტოდაც საკანონმდებლო ორგანოსთან წუხელ შეიკრიბნენ და ღამე პარლამენტთან გაათენეს.