ჩინეთის მოქალაქეების ინტერესი თბილისის უძრავი ქონების მიმართ იზრდება
უცხოელების მხრიდან როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ და საოფისე უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იზრდება.
ამასთან, უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი და Warm House-ის თანადამფუძნებელი ბესო ქავთარაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ ბაზარზე განსაკუთრებით შესამჩნევია ჩინეთის მოქალაქეების მხრიდან ინტერესის ზრდა, ხოლო რუსების მხრიდან გააქტიურება ჯერჯერობით იმ მასშტაბს არ აღწევს, რაც 2022-2023 წლებში დაფიქსირდა.
მისივე თქმით, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურება და ეკონომიკური კავშირების განვითარება გარკვეული დროის შემდეგ უძრავი ქონების ბაზარზეც აისახა.
„ბოლო პერიოდში მოთხოვნა [უცხოელების მხრიდან] გაზრდილია ორივე მიმართულებით, როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ, საოფისე უძრავ ქონებაზე. სხვათა შორის, ჩინეთის მოქალაქეებისგან წამოვიდა მოთხოვნა. როგორც ცნობილია, ორი წლის წინ სავაჭრო ურთიერთობა გავაფორმეთ ჩინეთთან და მგონია, რომ ახლა ნელ-ნელა ვიღებთ ამის შედეგს“, - განაცხადა ბესო ქავთარაძემ.
მისივე განმარტებით, უცხოელი მოქალაქის მიერ საქართველოში ბიზნესის დაწყება ერთდროულად ზრდის მოთხოვნას როგორც კომერციულ, ისე საცხოვრებელ ფართებზე.
„უცხოელი რომ ჩამოდის და ბიზნესს აკეთებს, საცხოვრებელი სჭირდება ყველა ვარიანტში, შესაბამისად, როცა კომერციულზე არის მოთხოვნა, ეს ავტომატურად ბმაშია საცხოვრებელ მიმართულებასთან.
შეიძლება კომერციული დანიშნულებით ერთი ფართი იქირაოს, მაგრამ საცხოვრებლად ორი-სამი ბინა დასჭირდეს. აქედან გამომდინარე, შეიძლება საცხოვრებელზე უფრო მეტი მოთხოვნა დაფიქსირდეს“, - ამბობს ბესო ქავთარაძე „ბიზნესპრესნიუსთან“.
რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ინტერესს, მისი თქმით, გარკვეული გააქტიურება შეინიშნება, თუმცა ჯერჯერობით ეს იმ მასშტაბური ტენდენციისგან განსხვავდება, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე განვითარდა.
„რუსების მხრიდან თითქოს გააქტიურდა მოთხოვნა, იქ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, თუმცა იმედია არ იქნება ის, რაც იყო 2022-2023 წლებში. ახლა არ ჩანს, რომ გააქტიურება ასეთი მასშტაბის იყოს. შესაბამისად, ამას სერიოზული შედეგები ჩვენს ეკონომიკაზე ჯერჯერობით არ ჰქონია“, - განაცხადა ბესო ქავთარაძემ.
მისივე შეფასებით, ამ ეტაპზე უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მაღალია და ტენდენცია თანდათან ქონების მესაკუთრეთა სასარგებლოდ იცვლება.
„დღეს ისეთი სტაბილური მდგომარეობაა, მოთხოვნა მაღალია. ვიტყოდი, რომ ბოლო პერიოდში, ბაზარი ისევ ქონების მესაკუთრის მხარეს ბრუნდება, რაც მიანიშნებს, რომ მოთხოვნა მაღალია“, - ამბობს ბესო ქავთარაძე.
რაც შეეხება უძრავი ქონების ღირებულებას, მისი თქმით, უძრავი ქონების ფასები ბოლო ათწლეულების განმავლობაში ძირითადად ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს, თუმცა უახლოეს პერიოდში აღარ არის მოსალოდნელი იმ მასშტაბის ნახტომი, რაც 2022-2024 წლებში დაფიქსირდა.
„ფასები მუდმივად მზარდია. ბოლო რამდენიმე წელი კი არა, ბოლო ორი ათწლეულია, ფასები იზრდება. ახლა იმ დონის ზრდა არ გვექნება, რაც გვქონდა, მაგალითად, 2022-დან 2024-ის ჩათვლით, იმიტომ რომ მაშინ ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ქირაზე და გამომდინარე აქედან მიება ყიდვის ფასიც. შემდეგ გაიზარდა თვითონ მშენებლობის თვითღირებულება და ამანაც გამოიწვია ფასების ზრდა.
ახლა ამ ტიპის ნახტომი უკვე აღარ არის მოსალოდნელი, თუმცა, როგორც კვლევებში ჩანს (რაც რეალობასთან ახლოსაა), დაახლოებით 10%-15%-ით იზრდება ყოველწლიურად სტაბილურად უძრავი ქონების ფასი. შემდეგი წლისთვის შეიძლება ცოტა მეტი ზრდაც ვნახოთ. დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, როგორი სიტუაცია იქნება და როგორ განვითარდება ჩვენი მდგომარეობა და ა.შ.“, - განაცხადა ბესო ქავთარაძემ.