თეგებით ძიება

როდის ამოქმედდება თბილისში ტრამვაის ხაზი - მშენებლობის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა

თბილისის საკრებულოში ტრამვაის ხაზის პროექტირება - მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი 287 654 321 ლარს შეადგენს. ამასთან, ხაზის მშენებლობის პარალელურად, გამოცხადდება ცალკე ტენდერი 10 ერთეული ტრამვაის შემადგენლობის შესყიდვაზე.

„ტრამვაის ხაზის პროექტირება - მშენებლობის ხელშეკრულება თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ერთობლივ საწარმო EYE -ს (Emre Ray + Yüksel + Erk) (თურქეთი) შორის ოფიციალურად გაფორმდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მხრიდან ხელი გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა, ხოლო ერთობლივ საწარმო EYE -ს მხრიდან ჰალით ემრე ილმაზმა მოაწერეს.

ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას. ტრამვაის ხაზის დანიშნულება იქნება დიდი დიღმის დასახლების მიბმა მეტროპოლიტენის ხაზთან და ამით ქალაქის ცენტრთან სწრაფი დაკავშირება.

ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძედ განისაზღვრა 7.5 კმ, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება.

გარდა უშუალოდ ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისა, პროექტი მოიცავს შესაბამისი ინფრასტრუქტურის დეპოს მოწყობას. ტრამვაის დეპო გათვლილი იქნება 11 ერთეული ტრამვაის შემადგენლობების მომსახურება-ექსპლუატაციაზე. დეპოში აშენდება მთავარი და დამხმარე (საგანგებო-საევაკუაციო) შესასვლელ-გასასვლელები, ტრამვაის შემადგენლობის დახურული სასადგომო ტერიტორია, ადმინისტრაციული შენობა, საწარმოო (სერვისცენტრის) შენობა, სამრეცხაო ნაგებობა, სასაწყობო მეურნეობები კატეგორიზაციის მიხედვით. მოეწყობა ტრამვაის ხაზის გამართულად ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ყველა საჭირო საინჟინრო კომუნიკაციის სისტემა და ქსელი.

პროექტის ბიუჯეტი 287 654 321 ლარს შეადგენს.

ხაზის მშენებლობის პარალელურად, გამოცხადდება ცალკე ტენდერი 10 ერთეული ტრამვაის შემადგენლობის შესყიდვაზე. პროექტის დასრულების შემდეგ მოხდება ტრამვაის ხაზის ერთიან სატრანსპორტო ქსელში ინტეგრირება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დიდი დიღმის მოსახლეობის საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ხელმისაწვდომობას და შეამცირებს ტრანსპორტირების დროს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, ტრამვაის პროექტის განხორციელებისთვის 3-წლიანი ვადაა განსაზღვრული. კერძოდ, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში დედაქალაქის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ პროექტის ვადად 36 თვე იყო განსაზღვრული.

„36 თვე ანუ 3 წელი არის ის ვადა, რომლის თავზეც უნდა ჩაგვბარდეს აღნიშნული ხაზი. სხვა პროცედურაა უკვე შემადგენლობების შეძენა, რომელზეც ცალკე გამოვაცხადებთ ტენდერს და 3 წლის თავზე გვექნება შესაძლებლობა, რომ ვისარგებლოთ ტრამვაით და დავაბრუნოთ ის ჩვენს ქალაქში," - აღნიშნა ტყემალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა