შენგელიას მცირე მოტეხილობა აქვს, კვარაცხელიას დაჭიმულობა - ექიმი
საქართველოს ეროვნული ნაკრების ექიმმა, დათო ხარაბაძემ განმარტა, რომ საქართველო-საბერძნეთის თამაშის შემდეგ ფეხბურთელ ლევან შენგელიას კოჭ-წვივის მოტეხილობა აქვს, თუმცა რამდენიმე კვირაში "მწყობრში იქნება."
"რაც შეეხება ლევან შენგელიას, მან კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა მიიღო და ზუსტად ახლა, თქვენს სტუდიაში რომ მივდიოდი, მომივიდა რენტგენის პასუხი, რომლის თანახმადაც, მას აქვს მცირე მოტეხილობა. მაგრამ საგანგაშო მაინც არაფერია, რამდენიმე კვირაში ის მწყობრში იქნება. ევრო 2024-ზე ლევან შენგელია აუცილებლად ითამაშებს.
მოხდა შეჯახება, რომლის დროსაც ლევანი და მოწინააღმდეგე ფეხბურთელი ერთად წაიქცნენ და მთელი ტანით დააწვა სახსარს და გამოიწვია დიდი წვივის მედიალური გოჯის მწვერვალის ოდნავ მოტეხილობა." - თქვა ექიმმა.
ხარაბაძემ, მთავარ არხთან ინტერვიუში, ასევე ისაუბრა ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობაზე და თქვა, რომ ფეხბურთელს აქვს მხოლოდ დაჭიმულობა, რომელიც დატვირთვის ფონზე განვითარდა.
26 მარტს, ერთა ლიგის ფინალში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. გადამწყვეტი თამაშის ძირითადმა დრომ და დამატებითმა ტაიმებმა გოლების გარეშე ჩაიარა. ამ გაამრჯვებით საქართველოს ნაკრები ივნისში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც გერმანიაში გაიმართება.