მოსკოვში მომხდარი თავდასხმის საქმეზე ტაჯიკეთში 9 ადამიანი დააკავეს
მედიის ინფორმაციით, მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმის საქმეზე ტაჯიკეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტმა ცხრა ადამიანი დააკავა. ისინი ეჭვმიტანილი არიან თავდამსხმელებთან და "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი დაჯგუფების, "ხორასანთან" კავშირში. სწორედ ამ დაჯგუფებამ აიღო პასუხისმგებლობა 22 მარტის ტერაქტზე, რომელსაც 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
Reuters-ის ცნობით, ყველა ეჭვმიტანილი ორშაბათს, 25 მარტს, ქალაქ ვახდატში დააკავეს და დუშანბეში გადაიყვანეს. თუმცა, კონკრეტულად რა ურთიერთობა ჰქონდათ მათ თავდამსხმელებთან, უცნობია.
მედიის ინფორმაციით, დაკითხვაზე გადაიყვანეს დაკავებულების ოჯახის წევრებიც.
ტაჯიკეთში, საგამოძიებო მოქმედებებში რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.