კანონის მიზანი ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებაა - გიორგი მშვენიერაძე
ეს კანონპროექტი ზიანს მიაყენებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას და მის მომავალს ევროკავშირში - ასე გამოეხმაურნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში რეინიცირებას ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი. იგივე ფაქტთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ ევროპის საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი გარკვეული დათქმით მიანიჭა და საქართველომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას. განცხადების მიხედვით, საქართველოს მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის ხელახალი ინიცირება სერიოზულ საფრთხეებს და ეჭვებს აჩენს.
რატომ დააბრუნა „ქართლმა ოცნებამ“ კანონპროექტი და რა საფრთხეებს შეიცავს საქართველოსთვის მისი კანონად ქცევა - ამ კითხვით TIA.GE-მ კონსტიტუციონალისტ გიორგი მშვენიერაძეს მიმართა:
- ამ კანონპროექტის მიხედვით ხელისუფლება გვეუბნება, რომ საქართველოსთვის მთავარი საფრთხე ევროპავშირი და ამერიკის შეერთებული შტატებია, რაც ცალსახად, რუსეთის ინტერესებში ჯდება. თავის დროზე, სწორედ ასეთი კანონები მიიღო რუსეთმა, რომ დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებს, რომლებიც დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს იცავდნენ, საქმიანობის საშუალება არ ჰქონოდათ და რუსეთში ავტორიტარიზმი დამყარებულიყო. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს კანონი თავისი შინაარსით და სულისკვეთებით რუსულია და სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ვერაფერი ისწავლა. ის სიტყვის გამტეხი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ჯერ თქვა, რომ კანონი უპირობოდ გაითხოვა და მერე გამოაცხადა, რომ ახლა სხვანაირად მოქცევა. რაც ყველაზე მთავარია, ხელისუფლება ცდილობს საქართველოში ანტიდასავლური პოლიტიკა დაამკვიდროს. დღეს ევროკავშირმა გაავრცელა განცხადება, სადაც თქვა, რომ კანონპროექტი ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციიდან როგორც პირველ, ასევე მეცხრე ნაბიჯს პირდაპირ ეწინააღმდეგება.
- თქვენი აზრით, რაში სჭირდებოდა ოცნებას დღეს ამის გაკეთება და რა სარგებელს მიიღებს არჩევნების წინ უკმაყოფილო ადამიანების ქუჩაში გამოსვლით?
- ოცნებას უნდა ვკითხოთ, რა სარგებელს ხედავენ ასეთი კანონის მიღებაში, მე კი შემიძლია გითხრათ რა ზიანს ვხედავ და ეს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებაა.
- ალბათ იცით, რომ ზოგი ცდილობს „ოცნების“ კანონპროექტი არა რუსეთს, არამედ ამერიკას დაუკავშიროს და მაგალითად, ამერიკული “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) მოჰყავს.
- მარტივი კითხვა არსებობს - ვის წინააღმდეგ არის „ოცნების“ კანონი ინიცირებული? ამერიკული კანონი ჩინეთის და რუსეთის წინააღმდეგ შეიქმნა. საქართველოში ამ კანონს რომ იღებს ხელისუფლება, ვის წინააღმდეგაა? ამერიკის, ევროკავშირის თუ რუსეთის? ხომ მარტივი კითხვაა? ფონდების დაფინანსება საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებზეც ხელისუფლება საუბრობს, არის ევროპა, ევროკავშირი და ამერიკა თუ რუსეთი? ცხადია, რომ ხელისუფლება ამ კანონს ევროკავშირის და ამერიკის წინააღმდეგ იღებს ნაცვლად რუსეთისა, ამიტომაა ის რუსული.
- ფიქრობთ, რომ ევროკავშირში შესვლა დღევანდელი ხელისუფლების ინტერესებში არ შედის?
- მე ფაქტის შესახებ ვლაპარაკობ. ვამბობ, რომ ამ კანონს იღებენ ევროკავშირის წინააღმდეგ და ვის ინტერესებში რა შედის და რა არა, თქვენც ისევე ხედავთ, როგორც მე და ცხადია, რომ კანონი, რომელსაც იღებენ არის ევროკავშირის და ამერიკის წინააღმდეგ.
- მოჰყვება თუ არა ამას ქუჩაში ხალხის გამოსვლა და საპროტესტო აქციები?
- არ ვიცი, ალბათ კი. ჩვენი მთავარი მოვალეობაა საზოგადოებამ კარგად გაიგოს, რომ ხელისუფლება თავის სიტყვას ტეხს. საზოგადოებას უნდა გავაგებინოთ, რომ ხელისუფლების გამოგონილ პრობლემებზე აქცენტირება არის პროპაგანდა, საზოგადოების წინაშე კი სრულიად სხვა პრობლემებია, როგორც ამ კანონის მიზნებია ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს ევროკავშირშიი ინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედება. მთავარია, რომ საზოგადოებამ გაიგოს და პროტესტი იქნება თუ ქუჩის აქციები, არ ვფიქრობ, რომ ამაზე ფიქრი მთავარი საკითხია.
- ონლაინ გამოცემა „ლიბერალის“ ყოფილი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი „ოცნების“ მიერ რეინიცირებული კანონის შესახებ წერს, რომ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ისედაც პასუხისმგებლიანი მედიის და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის ქვაკუთხედია და კანონის მიღებაში პრობლემას ვერ ხედავს..
- მე ვნახე ეს პოსტი და გამოდის, ქალბატონ შორენას მიაჩნია, რომ როდესაც უცხოურ დაფინანსებას იღებდა, როგორც თავად ამბობს, ამის გამო უცხო სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი იყო? ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც საკუთარ თავს ასე ხედავს, სერიოზული პრობლემები აქვს. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ინტერესების გამტარებლები არიან, საქართველოს და ქართველი მოქალაქეების ინტერესებს იცავენ და ერთ-ერთი ასეთი ინტერესი საქართველოს ევროინტეგრაციაა. ქალბატონ შორენას თუ ასე მიაჩნდა საკუთარი თავი და პრობლემას ვერ ხედავს, ეს ფუნდამენტალური ღირებულებითი პრობლემაა, რასაც სამწუხაროდ მე და თქვენ ახლა ვერ ვუშველით.
- რა მოჰყვება კანონპროექტის ინიცირებას პარლამენტში და პარლამენტის გარეთ, ქუჩაში?
- პროგნოზების კეთება უმადური საქმეა, არსებულ მდგომარეობაზე საუბარი უფრო სწორად მიმაჩნია. არსებული მდგომარეობა კი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში ცდილობს მიიღოს კანონი, რომელიც არის ევროკავშირის წინააღმდეგ და რომელიც არის რუსული. ეს არის ფაქტი, რომელიც დღეს გვაქვს და ხვალ რა იქნება ვერ გეტყვით.