ევროკავშირის კარის დაკეტვა მოუსავლეთ ჭაობში ჩაკეტვას ნიშნავს - გიორგი ვაშაძე
ერთიანობით უნდა ვაჩვენოთ ჩვენი მკაფიო პოზიცია იმ ადამიანებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ სამწუხაროდ, უღალატონ სამშობლოს, ხალხს, ქვეყანას, ეროვნული ინტერესებს. ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის ნიშნავს ათწლეულებით და ასწლეულებით გარანტირებულ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ კეთილდღეობას და საქართველოს განვითარებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან უნდა ესაუბრათ იმ მძიმე ვითარებაზე, რაც ანაზღაურების თვალსაზრისით არის სამედიცინო სექტორში, როგორც ექიმების, ისე განსაკუთრებით ექთნებისთვის.
თუმცა, ვაშაძის თქმით, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ დაადგეს საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის გზას რუსული კანონის პარლამენტში უკან დაბრუნებით. დეპუტატი ყველას ერთიანობისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ახლა, ევროკავშირის კარის დაკეტვა საქართველოსთვის „ნიშნავს მოუსავლეთ ჭაობში საქართველოს ჩაკეტვას“.
„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ დაადგეს საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის გზას, მან კვლავ შემოიტანა რუსული კანონი და ბოლო დღეებია, არ წყდება დასავლელის პარტნიორების ძალიან მძიმე განცხადებები, ეს იქნება ევროპარლამენტარები,ევროპული ინსტიტუციების, სენატის,კონგრესის წარმომადგენლები,სახელმწიფო დეპარტამენტი, ნატო-ს გენერალური მდივანი, ჩვენი მეგობარი ქვეყნები. აბსოლუტურად ღიად მინდა საზოგადოებას ვუთხრა, აქ, ყველაზე დიდი საფრთხე არის მხოლოდ ის,რომ რაღაც განცხადებებით შემოიფარგლოს, არამედ ის ხელფასები, შემოსავალი,ეკონომიკა,რაც გვაქვს შეიძლება ყველაფერი თავზე დაგვენგრეს, ეს არის რეალობა იმიტომ, რომ ივანიშვილმა და მისმა პარტიამ გადაწყვიტეს,რომ საქართველოს სრული იზოლაცია მოახდინონ და შეაჩერონ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა. ყველაზე საგანგაშოა განცხადებები, რომელსაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები აკეთებენ კანდიდატის სტატუსის გადახედვასთან დაკავშირებით. მე მაინც ვთხოვ ჩემ პარტნიორებს, რომ ასე მძიმედ ნუ შევაფასებთ ამ წუთას არსებულ სიტუაციას იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს ევროკავშირში წევრობას. დიახ, ჩვენი ამოცანაა, რომ ხელისუფლება, რომელიც არ ატარებს ხალხის ინტერესებს, შეიცვალოს. სხვა გზა, გარდა ხელისუფლების ცვლილებისა, არ არის დარჩენილი. დიახ, გასულ წელს მათ ეს კანონი გავატანინეთ (პარლამენტიდან), ხალხის და ერის ერთობამ უკან დაახევინა, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს იყო მხოლოდ ტაქტიკური უკან დახევა და ისევ ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს ეს პოლიტიკური დაჯგუფება“, - განაცხადა ვაშაძემ.
ის მიმართავს ბიძინა ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს, რომ თითოეული ადამიანის გადაწყვეტილება იქნება დამოკიდებული, რა გზით წავა ქვეყანა.
„როდემდე და სანამდე აპირებთ ჩაჰყვეთ ამ ანტიქართულ ქმედებას,რომელსაც ადგილი აქვს ამ პოლიტიკური დაჯგუფების მხრიდან და რომელიც არის პირდაპირ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მინდა, საზოგადოებას მივმართო, ერთადერთი, რაც ჩვენ გადაგვარჩენს ეს არის ერთიანობა,აქ, უკვე მნიშვნელობა არ აქვს ვინ, რა პარტიას წარმოადგენს, პარტიული ხარ თუ უპარტიო, პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი, სამოქალაქო სექტორის თუ ბიზნეს სექტორის, სამედიცინო თუ საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენელი, ყველა ერთად უნდა დავდგეთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.