შსს ზეპროფესიონალურად მოქმედებდა და შეიძლება ევროპელებსაც ძალიან ბევრი ვასწავლოთ, როგორ უნდა გავცეთ აგრესიასა და ზღვარგადასულ ბულინგზე პასუხი - თორნიკე რიჟვაძე
შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი ძალები მოქმედებენ ზეპროფესიონალურად და შეიძლება ევროპელებსაც ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ვასწავლოთ, როგორ უნდა გავცეთ აგრესიაზე და მათ შორის ზღვარგადასულ ბულინგზე პასუხი, - ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
იგი თბილისში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, აქციის მონაწილეების მხრიდან აგრესიას, რომელიც იყო დაფიქსირებული, შესაბამისი პასუხი გაეცა.
“ჩვენ "გაპრავების" საჭიროება არ გვიდგას თქვენგან განსხვავებით. თქვენ მოგიწევთ "გააპრავოთ" ის დაფინანსებები კანონის საფუძველზე, რომელსაც იღებთ. ზოგიერთ შემთხვევაში გულწრფელი დამოკიდებულება გვაქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის ახალგაზრდების მხრიდან, ეს გასაგებია. რა თქმა უნდა, ჩვენ კომუნიკაციას არ დავაკლებთ, რომ კიდევ უფრო მეტად ავხსნათ, რამდენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ კანონის მიღება და ზოგადად, საჯარო სივრცეში მოქმედი ყველა ორგანიზაცია მაქსიმალურად უნდა იყოს გამჭვირვალე და ქართველ ხალხს აქვს უფლება იცოდეს, ყველა ორგანიზაცია, რომელიც ამ ქვეყანაში მოქმედებს, საიდან ფინანსდება და რა კონკრეტულ ინტერესებს ემსახურება და ატარებს.
მე სამწუხაროდ, არ მომისმენია არცერთი მხარდამჭერი განცხადება თქვენი მხრიდან, თქვენი კოლეგის მიმართ, ვხედავდით ზღვარგადასულ ბულინგს, რომელიც ხორციელდებოდა კონკრეტული მედიასაშუალების მიმართ. რაც შეეხება აქციას მყოფი ადამიანების მხრიდან წამოსულ აგრესიას, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი ძალები მოქმედებენ ზეპროფესიონალურად და შეიძლება ევროპელებსაც ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ვასწავლოთ, როგორ უნდა გავცეთ ამ აგრესიაზე და მათ შორის ზღვარგადასულ ბულინგზე პასუხი.
აგრესიას, რომელიც იყო დაფიქსირებული, გაეცა შესაბამისი პასუხი. ყველა კადრი მაქვს ნანახი”, - მიმართა თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს.