თეგებით ძიება

„ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“ აცხადებენ, რომ შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში „შეცდომა დაუშვეს“

„ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“ აცხადებენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში „შეცდომა დაუშვეს.“ ამის შესახებ საუბარია აღნიშნული გამოცემების განცხადებაში.

„ნეტგაზეთი/ბათუმელები ვეხმაურებით შალვა პაპუაშვილის მიერ შესყიდულ ტყესა და მიწის ნაკვეთზე ჩვენ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და გამოვთქვამთ წუხილს დაშვებული შეცდომის გამო.

პარლამენტის თავმჯდომარის დეკლარაციის თანახმად, ზურაბ პაპუაშვილის საკუთრებად დარეგისტრირებული მიწის ფაქტობრივი თანამესაკუთრე იყო შალვა პაპუაშვილი, რომელმაც მიწის 50% საკუთრებაში 2020 წელს დაირეგისტრირა [გადახდილი საფასური – 1 ლარი].

გარდა ამისა, პაპუაშვილმა ანალოგიურად დაირეგისტრირა 2020 წელს სიღნაღში, სოფელ ვაქირში, 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთის 50%. ზურაბ პაპუაშვილის სახელზე რეგისტრირებული ამ მიწის ფაქტობრივი თანამესაკუთრე პარლამენტის თავმჯდომარე იყო.

ბათუმელები/ნეტგაზეთის მიერ თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებული იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს სახელმწიფომ 20 ჰექტარი ტყე 1 ლარად გადასცა სიღნაღში, მდინარე ალაზნის სანაპიროზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა შალვა პაპუაშვილის ქონებრივ დეკლარაციებთან ერთად, საიდანაც რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფოს კუთვნილი მიწა დაირეგისტრირა 1 ლარად, მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის პრესსამსახური დაგვიკავშირდა, შეისწავლა საჯარო რეესტრის დამატებითი დოკუმეტები.

ჩვენი რედაქციისთვის ყოველთვის მთავარი იყო, არის და იქნება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი, სწორედ ამიტომ კითხულობთ ახლა ამ ტექსტს. არავინ განიცდის ახლა ჩვენზე მეტად ჩვენ მიერ დაშვებულ ამ შეცდომას, მაგრამ არსებული ვითარებიდან და წნეხიდან გამომდინარე, რომელშიც ბოლო რამდენიმე კვირის განავლობაში მუდმივად ვიმყოფებით, დავუშვით შეცდომა, რომლისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს ჩვენს მკითხველს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია: „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ტყუილია, ამ დეზინფორმაციის შესახებ დაველაპარაკები იმ საელჩოებს, რომლებიც ამ მედიის დაფინანსების უკან დგანან.“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა