ევროპელმა პოლიტიკოსებმა ქართველი ხალხი გაგვწირეს არეულობისთვის, შემდეგ ფეხი ფეხზე გადაიდეს და ახლა რეზოლუციებით უნდათ კრიმინალი ციხიდან დაიხსნან - პაპუაშვილი
ევროპელმა პოლიტიკოსებმა ქართველი ხალხი გაგვწირეს არეულობისთვის. შემდეგ ფეხი ფეხზე გადაიდეს და ახლა რეზოლუციებით უნდათ კრიმინალი ციხიდან დაიხსნან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებაზეა საუბარი.
მისივე თქმით, პოლიტიკური კორუფციის ნათელი მაგალითია, როდესაც კრიმინალს რამდენიმე მფარველი ჰყავს ევროპაში.
„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ პოლიტიკურ კორუფციას, რომელსაც, სამწუხაროდ, ვხედავთ, მათ შორის ევროპარლამენტში. პოლიტიკური კორუფციის ნათელი მაგალითია, როდესაც კრიმინალს და ადამიანს, რომელმაც ანტიდემოკრატიული წამების სისტემა შექმნა, რამდენიმე მფარველი ჰყავს ევროპაში. თავის დროზე, ის, სასჯელმისჯილი ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდა, ბრიუსელის სხვადასხვა კაბინეტში იღებდნენ კიდეც, შემდეგ წაახალისეს შემოპარულიყო, გაგვწირეს ქართველი ხალხი. ამ ევროპელმა პოლიტიკოსებმა ქართველი ხალხი გაგვწირეს არეულობისთვის. შემდეგ ფეხი ფეხზე გადაიდეს და ახლა რეზოლუციებით უნდათ კრიმინალი ციხიდან დაიხსნან. სამწუხაროდ, ამ დონეზე არის დასული ამ კონკრეტული ჯგუფის საქმიანობა. პირადი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ ტრიბუნას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაც შეაფასა საერთო ოპოზიციურ სიასთან დაკავშირებით და აღნიშნა : „გააკეთონ ერთიანი სია და ნახავენ, რა პასუხსაც მიიღებენ“.
„სია ტექნიკურად ერთიანი იქნება, თუ არა, მგონი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგზე ერთი გუნდია, რომელიც სტრუქტურულად ხანდახან სხვადასხვა გუნდად წარმოგვიჩნდება ხოლმე. სინამდვილეში, ერთი სიაა. ძალიან კარგია, თუ ერთი სია იქნება, მოქალაქეებისთვისაც ადვილი იქნება არჩევანის გაკეთება. ასე, რომ შეუერთდნენ ამ მოწოდებას, გააკეთონ ერთიანი სია და ნახავენ, რა პასუხსაც მიიღებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.