თეგებით ძიება

„აქ არეულობა პირველ რიგში რუსებს აწყობთ, რადგან არავინ იცის, თუ რით შეიძლება დასრულდეს არეულობა“ - ალექსანდრე რაქვიაშვილი

„გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება:

„რა ხდება და რა გავაკეთოთ

1. რა ხდება.

შინაარსობრივი დისკუსია ოცნებამ წააგო. მიტინგების დადარებაში წააგო. ბიძინას გამოსვლამ ოცნება კიდევ უფრო დააზიანა. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ ქოცების მთელი ნარატივი და პროპაგანდა ტყუილზე დგას, ტყუილზე, რომ „დასავლეთი რევოლუციას გვიწყობს“. ეს ტყუილი იმდენად ცხადი გახდა, რომ ქოცების მთელი ახლანდელი აქტივობა იმაზეა მიმართული, რომ რაც შეიძლება გაზარდონ პოლარიზაცია. 

ბოლო ქმედებები მაღალი ორგანიზაციით გამოირჩევა. ხალხის ლანძღვა და ცემა ამ ხალხში და მათ მეგობრებში ლეგიტიმურად გააჩენს ემოციას, უპასუხონ ძალადობას ძალადობით. საბოლოო ჯამში, გაბრაზებული აქტივისტები უფრო დიდი ალბათობით მიმართავენ ძალადობას და ქოცები დადებენ „რევოლუციის სურათს“, რომ მერე თქვან „ხომ გეუბნებოდით, რევოლუციას გეგმავდნენო!?“. ეს სურათი შეიძლება იგივენაირად ყალბი იყოს, როგორც „უჩას არსენალი“, მაგრამ როგორც საშუალო მოქალაქე „აირსოფტის“ ავტომატს რეალურისგან ვერ არჩევს, ისევე ვერ გაარჩევს ის პროვოცირებულ ძალადობას დაგეგმილი რევოლუციისგან.

ქოცების ყველა ქმედება ამ ვარაუდში ჯდება, მათ შორის, უჩას დაჭერა, რადგან ის აქციებზე პირიქით პროვოკაციის ალბათობას ამცირებდა და მის არყოფნა კიდევ უფრო გაზრის შანსს, რომ ვინმე გაბრაზებული აქტივისტი რამეს დაამტრვევს, დაწვავს და ა.შ.

თუ ეს გეგმა გამართლდა და აქტივისტებმა „პარლამენტის შტურმი“ ან რაიმე მსგავსი მოაწყეს, ქოცებს საბაბი ექნებათ დაანონსებულ „დარბევის ევროპულ სტანდარტს“ მიმართონ და საკუთარი ყალბი პროპაგანდაც გაამართლონ.

2. რა გავაკეთოთ.

ამ შემთხვევაში დემონსტრაციულად მშვიდად უნდა მოვიქცეთ. ჩხუბისთვის კი არ ვემზადებოდეთ, არამედ მართლა მშვიდობიანი აქციისთვის. პოლიტიკური ლოზუნგით და პოლიტიკოსებით სცენაზე.

თუკი მშვიდობიან აქციას ქოცები „ევროპული სტანდარტით“ დაარბევენ, აი მაშინ წინააღმდეგობის გაწევა ლეგიტიმური ხდება, ოღონდ ამ შემთხვევაში მიტინგზე გამოსვლა რევოლუციური ლოზუნგით უნდა მოხდეს. არ შეიძლება ხალხის მოტყუება და თუ ადამიანი მშვიდობიან აქციაზე მიდის და ამ ხალხს აქტივისტები ზურგად თუ ფარად იყენებენ, ეს ამორალურია. მეორე მხრივ, თუ წინასწარ ამბობ, რომ საბოლო მიზანი - ხელისუფლების დამხობაა, მათ შორის ძალის გამოყენებით, მაშინ მიტინგზე მხოლოდ ის ხალხი გამოვა, ვინც დამხობისთივს მზადაა და იქ გამოჩნდება, თუ რამდენად რევოლუციური სიტუაციაა ქვეყანაში.

მე კი არ მჯერა, რომ რევოლუცია ახლოსაა (თუმცა, ხშირად ის უფრო ახლოსაა, ვიდრე ხალხს სჯერა) და ამიტომ არ მინდა ხელოვნური კონფლიქტი შეიქმნას, რაც ქოცებს თუნდაც მინიმალურ მაგრამ მაინც უფლებას მისცემს რეპრესიებს მიმართონ. თუმცა თუ ვცდები, არც რევოლუციურ მდგომარეობაზე გადაწყობა იქნება რთული. ასე რომ, ამ სიტუაციაში სწორი ტაქტიკაა ჩვენ დემონსტრაციულად შევინარჩუნოთ სიმშვიდე და არ მივმართოთ პირველებმა ძალადობას. მითუმეტეს, რომ აქ არეულობა პირველ რიგში რუსებს აწყობთ, რადგან არავინ იცის, თუ რით შეიძლება დასრულდეს არეულობა, რა მოტივითაც არ უნდა იყოს ის ინიცირებული“,- წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა