მღვდლების მიმართ მომხდარი მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, ქაშვეთის ტაძარი აქციების დასრულებამდე ღია აღარ იქნება
ქაშვეთის ტაძრის მღვდლების მიმართ მომხდარი მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტის გამო ტაძარი საპროტესტო აქციების დასრულებამდე ღია აღარ იქნება და ღამით, ჩვეულ დროს დაიკეტება.
„როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის 10 მაისს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოხდა სამწუხარო ინციდენტი. აქედან გამომდინარე, შემდგომი შესაძლო ექსცესების თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რათა ტაძარი დაიკეტოს ჩვეულ დროს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ დრომდე ტაძარი ამა თუ იმ საპროტესტო აქციების დასრულებამდე (ხშირად დილის სამ, ოთხ საათამდე) ღია იყო“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქაშვეთის ტაძრის მღვდლების მიმართ მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი დაფიქსირდა - ახალგაზრდები, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში ტაძარში შევიდნენ, ჯერ საკურთხეველში უნებართვოდ შესვლა სცადეს, უარის მიღების შემდეგ კი სასულიერო პირებს, სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.