„ძმა დას ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ კი დანით 10-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
ფემიციდის კიდევ ერთი სასტიკი შემთხვევა საქართველოში - ძმა დას ჯერ მანქანით დაეჯახა, რის შემდეგაც ძირს დაგდებულ და ტრავმირებულ ქალს, დანით, 10-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა. 31 წლის შეხლა ისმაილოვა ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელობა ქვემო ქართლში, ერთ-ერთ ქალაქში მოხდა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი ძმა - ნურუ ისმაილოვი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. 23 წლის ნურუ ისმაილოვის ახლობლები აცხადებენ, რომ მან და, მისი პირადი ცხოვრების მიუღებლობის გამო მოკლა. ადგილობრივები ჰყვებიან იმასაც, რომ და-ძმას კონფლიქტი ხშირად ჰქონდა. ნურუ ისმაილოვს, დამამძიმებელ გარემოებებში, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის დამტკიცების შემთხვევაში, 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გარდაბანში, მძიმე დანაშაულის დეტალებს თვითმხილველები "კურიერთან" ჰყვებიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჯერ ავტომობილის შეჯახების ხმა გაიგეს, შემდეგ კი დაინახეს, თუ როგორ მიაყენა მანქანიდან გადმოსულმა მამაკაცმა ახალგაზრდა ქალს მრავლობითი დაზიანება. ირკვევა, რომ დამნაშავემ მსხვერპლს მანქანა მიზანმიმართულად დააჯახა, შემდეგ კი, დანით, 10-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა.
მკვლელობაში ბრალდებული 23 წლის ნურუ ისმაილოვია. მოკლული კი მისი და - შეხლა ისმაილოვა. ოჯახის წევრის საზარელი მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება.
"კურიერი" დღეს ისმაილოვების საცხოვრებელ მისამართზეც იმყოფებოდა. ოჯახში მომხდარის დეტალებზე საუბარი არ სურთ. სოფელ ვახტანგისში ადასტურებენ. რომ და-ძმას უთანხმოება ნამდვილად ჰქონდა, თუმცა ამბობენ. რომ ფიზიკურ ძალადობას, ამ დრომდე, ადგილი არ ჰქონია.
მამაკაცი, რომელმაც საკუთარი და სასიკვდილოდ გაიმეტა პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ნურუ ისმაილოვს დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას ედავებიან. მას 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.