თეგებით ძიება

ჩვენ გვყავს „ენჯეოები“, რომლებიც დაკავებულები არიან საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟით - პაპუაშვილი

ჩვენ გვყავს „ენჯეოები“, რომლებიც დაკავებულები არიან საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟით. ამას ხომ ხედავთ? ის „ენჯეოები“, რომლებიც დარბიან და საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს ითხოვენ. არც კი რცხვენიათ, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე ასეთ ქმედებებს ქვეყნის ღალატად აფასებს.

„ბოლო 2 წელია, რაც ომი დაიწყო, ვხედავთ, რომ „გამჭვირვალობამ“, სხვა „ენჯეოებმა“ ფაქტობრივად მოიცილეს ქართველობა და დარბიან და ითხოვენ სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ. ეს იმ ხალხის შთამომავლები არიან, რომლებიც ადრეულ ხანაში სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში დადიოდნენ და ჯარის გამოგზავნას ითხოვდნენ კონკურენტების მოსაშორებლად. იმ ხალხის შთამომავლები არიან, საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვში რომ დარბოდნენ, რომ დაებეზღებინათ კონკურენტები, მოსკოვი ჩარეულიყო, მოეცილებინა კონკურენტი და თვითონ დაწინაურებულიყვნენ. უბრალოდ ახლა მოსკოვი და სხვა ქალაქები ჩაანაცვლეთ ბრიუსელით და ვაშინგტონი და დარბიან ამ ქალაქებში, იმისთვის რომ ქვეყანა დააბეზღონ და რამენაირად სანქციების წვიმა გამოიწვიონ. ეს ის ხალხია, რომელიც საქართველოს ტყუილად აბეზღებდა, თითქოს საქართველოში ხდებოდა სანქციებისთვის გვერდის ავლა. ყველა ეს „ენჯეო“ ამაში იყო ჩართული ელენე ხოშტარიას თამადობით და ითხოვდნენ ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ევროკავშირისგან სანქციების დაწესებას. ამას რა ჰქვია, თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი?

წარმოიდგინეთ, „ენჯეოების“ ეს ჯგუფი ამ დონემდე მივიდა და მერე ამბობენ უცხოური გავლენა რა შუაშიაო. აბა ქართული გავლენაა? ქართველი ადამიანი ამას გააკეთებს, რომ სანქციები მოითხოვოს? ეს რამენაირად ჯდება პატრიოტიზმში და ქვეყნის სიყვარულში? ეს არის ტიპური მაგალითი იმისა თუ როგორ ხდება მავნე უცხოური გავლენა ქვეყნის შიგნით, როდესაც საქართველოს მოქალაქეობის მქონე ადამიანები დარბიან უცხო ქვეყნების დედაქალაქებში და ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა