კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები - POLITICO
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომლის მიხედვით, საქართველოში რუსული კანონის მიმღებ პირებს დაემუქრებათ აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა. ინფორმაციას პოლიტიკო ავრცელებს.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ქართული ოცნება რუსეთთან შეთანხმების პოლიტიკას ეწევა.
ასევე, დოკუმენტში წერია, რომ თბილისი ღიად დაესხა თავს აშშ-სა და სხვა დასავლურ დემოკრატიის ხელშემწყობ ორგანიზაციებს, ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას, და ამავდროულად კავშირები გაამყარა რუსეთთან და ჩინეთთან.
კანონპროექტს რესპუბლიკელი ჯო უილსონი წარადგენს. დოკუმენტის პირობები ავალდებულებს ამერიკელ მაღალჩინოსნებს, აცნობონ კონგრესს "საქართველოში არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიისა და ელიტური კორუფციის შესახებ“, ასევე რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ, რომლებიც მოქმედებენ ქვეყანაში.
პოლიტიკოს მიხედვით, კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს მთავრობის წარმომადგენლებისა და სხვა პირების მიმართ, რომლებსაც "აკისრიათ პასუხისმგებლობა საქართველოში დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების შელახვასა და დაზიანებაზე."
კანონპროექტი დააწესებს სავიზო აკრძალვას პოლიტიკოსებისთვის და მათი ოჯახებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსულ კანონზე.
სანქციები, ასევე, გამიზნული იქნება საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებსა და უშიშროების სამსახურებზე, რომლებიც მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ გამოვიდნენ.