თეგებით ძიება

სააკაშვილის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ევროსასამართლოს დიდი პალატაში გაასაჩივრებენ

ევროსასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ექსპრეზიდენტის ადვოკატები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ისინი სამ თვეში მიმართავენ დიდ პალატას, რომელიც საბოლოო ინსტანციაა.

ბექა ბასილაია იმედს გამოთქვამს, რომ ზემდგომი ორგანო მათ არგუმენტებს გაითვალისწინებს. 

ბასილაიამ ასევე განმარტა, რატომ არ იმსჯელა სასამართლომ კონვენციის მე-18 მუხლზე.

"სასამართლომ ჩვენი არგუმენტაცია საკმარისად არ მიიჩნია და დარღვევა არ დაადგინა, თუმცა ხაზი უნდა გაესვას, რომ ორმა მოსამართლემ მიიღო განსხვავებული აზრი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი სარჩელი იყო დასაბუთებული და ჩვენი მოთხოვნები იყო კანონიერი, ევროკონვენციასთან შესაბამისი. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი, არის პოლიტიკური მოტივაციით დევნილი. გადაწყვეტილების ერთ-ერთ ნაწილში, თუ არ ვცდები 43-ე გვერდის ბოლო აბზაცში, არის საუბარი სწორედ პოლიტიკურ მოტივაციაზე და სასამართლო ამბობს, რომ არსებობს ეჭვი მიხეილ სააკაშვილის მიმართ დევნის, პოლიტიკური მოტივაციის შესახებ, თუმცა რადგანაც მე-6 და მე-7 მუხლთან დაკავშირებით სასამართლომ უარყო ჩვენი სარჩელი, ამიტომ არ იმსჯელა მე-18 მუხლზე. მივმართავთ ევროსასამართლოს დიდ პალატას საჩივრით. ესეთ პროცედურას ითვალისწინებს, როგორც ვთქვით ევროკონვენცია და არსებობს პრაქტიკა, როდესაც დიდ პალატას შეუცვლია გადაწყვეტილება მომჩივნის სასარგებლოდ," - განაცხადა ბასილაიამ.

იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცედურები წარიმართა სამართლიანად და მსჯავრდადება კარგად იყო დასაბუთებული.

საუბარია ვალერი გელაშვილზე თავდასხმისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულთა შეწყალების საქმეებზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, დიდი ალბათობით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა საჩივარს წარმოებაში არ მიიღებს.

"ეს, რა თქმა უნდა, არის მათი იურიდიული შესაძლებლობა, თუმცა დღევანდელი გადაწყვეტილებიდან აშკარაა, რომ ამას არანაირი პერსპექტივა არ ექნება. პირველ რიგში, თითქოს და პოლიტიკური დევნის ნაწილზე, იმდენად დაუსაბუთებელი იყო მათ მიერ წარდგენილი საჩივარი ევროპულ სასამართლოში, რომ ევროპულმა სასამართლომ დასაშვებადაც არ მიიჩნია, არსებითად ემსჯელათ, შესაბამისად, პროცედურულად შეუძლებელია პოლიტიკური დევნის ნაწილში საქმე დიდ პალატაში წაიღონ. რაც შეეხება სხვა მუხლთან მიმართებით, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ შეუძლიათ ეს გააკეთონ, მაგრამ გვგონია, რომ ეს არის უბრალოდ მომჩივნის მიმართ თავის მართლების შესაძლებლობა, მათი მხრიდან, ან ზოგადად ცდილობენ, როგორღაც თავი აარიდონ უხერხულობას, რაც შეიქმნა გადაწყვეტილებით. ცდილობენ, საკითხი გადაავადონ, თუმცა დარწმუნებულები ვართ, დიდი პალატა ამ საკითხს, დიდი ალბათობით, არ მიიღებს წარმოებაში", - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა