თეგებით ძიება
29. 05. 2024 მსოფლიო

აშშ არ შეცვლის ისრაელის მხარდაჭერის პოლიტიკას რაფაჰზე დარტყმის გამო - თეთრი სახლი

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ქალაქ რაფაჰში „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ განხორციელებული ავიაიერიში, რომელმაც ათობით პალესტინელი იმსხვერპლა, ისრაელის მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერის პოლიტიკას არ შეცვლის.

კირბის თქმით, ისრაელს არ დაურღვევია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამაფრთხილებელი „წითელი ხაზი“ და სამხრეთ ღაზაში მდებარე ქალაქში სრულმასშტაბიან სახმელეთო ოპერაცია არ დაუწყია.

„ყველაფერი, რასაც ვხედავთ, მიუთითებს, რომ ისინი [ისრაელი] ცენტრალური რაფაჰის დასახლებულ რაიონებში ფართომასშტაბიან სახმელეთო ოპერაციაზე არ გადადიან”, - თქვა კირბიმ.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაიდენი არ იღებს გადაწყვეტილებებს პოპულარობის, ან საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საფუძველზე, მაგრამ აღიარა, რომ აშშ-ის, ან მისი ისრაელელი პარტნიორების ინტერესებში არ შედის, რომ ისინი მსოფლიო ასპარეზზე „კიდევ უფრო იზოლირებულები გახდნენ“.

ამასთან, ჯონ კირბიმ რაფაჰში მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვას „აუტანელი და საშინელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ თავდასხმასთან დაკავშირებით აშშ ისრაელის გამოძიების შედეგებს აკვირდება. მისივე თქმით, გამოძიება მიუთითებს, რომ მოქალაქეები „ჰამასის“ ორ მებრძოლებზე იერიშის დროს, აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.

„ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ისრაელმა ყველა შესაძლო ზომა უნდა მიიღოს, რათა უდანაშაულო სიცოცხლის დასაცავად მეტი გააკეთოს“, - თქვა კირბიმ.

ცნობისთვის, 26 მაისს რაფაჰში ისრაელის ავიაიერიშს 45 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელს უბრძანა, რაფაჰში სამხედრო ოპერაციები დაუყოვნებლივ შეეწყვიტა.

ამავდროულად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უგულებელყოფის გამო, ისრაელის წინააღმდეგ შესაძლო სანქციები განიხილეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა