ანაკლიის პორტის ინვესტორი ჩინური კონსორციუმის შვილობილი კომპანიები აშშ-ის მიერ არის სანქცირებული
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი გამოვლინდება - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრის განმარტებით, საერთაშორისო კონკურსის მეორე რაუნდში გადასული ორი ჰოლდინგიდან საბოლოოდ წინადადება მხოლოდ ერთმა ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა, შესაბამისად, უახლოეს პერიოდში გამარჯვებულად სწორედ ის გამოვლინდება.
ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს ჩინეთის სახელმწიფო კორპორაცია China Communications Construction Company Limited-ისა და China Harbour Investment Pte-ს ჰოლდინგი ააშენებს. ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ ჰოლდინგმა სახელმწიფოს სრულყოფილად შევსებული საინვესტიციო წინადადება 20 მაისს წარუდგინა, ხოლო კონკურსში მონაწილე მეორე ჯგუფმა ლუქსემბურგულ-შვეიცარიულმა Terminal Investment Limited Holding S.A.-მ სახელმწიფოს აღარ წარუდგინა საკუთარი საინვესტიციო წინადადება, შესაბამისად, გამარჯვებულად ჩინური ჰოლდინგი დასახელდება.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინური კონსორციუმის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სრულყოფილად შეიძლება ჩაითვალოს, შესაბამისად, გამარჯვებულად სწორედ ის გამოვლინდება. ამასთან, მინისტრის თქმით, ჩინურმა კონსორციუმმა სამინისტროს მისი მომავალი პარტნიორების შესახებაც წარუდგინა ინფორმაცია. China Communications Construction Company Limited-ი საქართველოს მთავრობას პორტის ოპერატორად ჩინდაოს პორტის ჯგუფს - Qingdao Port International Co-ს სთავაზობს, ხოლო საინჟინრო/სამშენებლო პარტნიორად China Road and Bridge Corporation-ს.
რა არის ცნობილი კომპანია China Communication Construction Company Limited-ის შესახებ:
China Communication Construction Company Limited არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მსხვილი კონგლომერატი, რომელიც ფოკუსირდება მსხვილი ინფრასტრუქტურული აქტივების მშენებლობაზე, ფლობასა და ოპერირებაზე, მათ შორის აეროპორტების, პორტების, რკინიგზების, ნავთობპლატფორმების და სხვა აქტივების ფლობა/ოპერირებაზე. კომპანია 2005 წელს არის დაფუძნებული, მისი 63.8%-იან წილს სახელმწიფო ფონდი SASAC ფლობს.
China Communication Construction Company Limited-ის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავალი 5%-ით გაიზარდა და მან 756 მილიარდ იუანს, ანუ $106 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამასთან, კომპანიის წმინდა მოგება 31 მილიარდი იუანი ($4.3 მილიარდი დოლარი) იყო, რაც 2022 წლის მოგებას 20%-ით აღემატებოდა. ჯგუფის აქტივები 236 მილიარდ დოლარს აღემატება.
ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ China Communication Construction Company Limited-ის შემადგენლობაში შედის სინგაპურში რეგისტრირებული კომპანია China Harbour Investment Pte, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, პროექტის ერთ-ერთი განმახორციელებელი იქნება.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ დასახელებული კიდევ ერთი კომპანია China Road and Bridge Corporation-ი, პროექტის საინჟინრო/სამშენებლო პარტნიორი იქნება. თავად აღნიშნული კომპანიაც China Communication Construction Company Limited-ის საკუთრებაშია. ამასთანავე, აღნიშნული კომპანია საქართველოში არაერთი წელია საქმიანობს და ის წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრაქტორს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაში, ის რიკოთის უბისა-შორაპნის 13-კილომეტრიან მონაკვეთს აშენებს, რომლის ღირებულებაც 902 მილიონი ლარია.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ China Communication Construction Company Limited-ის რამდენიმე შვილობილი კომპანია ჩართული იყო სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის არმიისთვის ხელოვნური კუნძულების მშენებლობაში, რაც აშშ-ის შეფასებით საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სხვა სუვერენული ქვეყნების ეკონომიკურ ზონაში ჩინეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო გავლენის გაძლიერების მცდელობას წარმოადგენდა. აღნიშნულისთვის 2020 წლის 26 აგვისტოს, აშშ-მა China Communication Construction Company Limited-ის შვილობილები სანქცირებულთა სიაში (OFAC-ის სიაში) შეიყვანა.