თეგებით ძიება

„ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია“ - პოლარიზაციის პოზიცია და პიროვნული უმწიფარობის ნიშანია - ზურაბ ვახანია

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულება, რომელიც პოლარიზაციის შემცირებას გულისხმობს, თითქმის დაუძლეველ ამოცანად იქცა. ქართულ საზოგადოებაში პოლიტიკური ცხოვრების, საზოგადოებრივი ღირებულებებისა თუ ქვეყნის სამომავლო კურსის გარშემო არსებული უთანხმოება უფრო და უფრო საშიშ სახეს იღებს. ყოველდღიურად ვხედავთ პოლარიზაციის მაგალითებს სპორტულ თუ სახელოვნებო წრეებში, ტელევიზიებში, სამსახურებსა და ოჯახებში და არავინ იცის, ასე როდემდე გაგრძელდება. 

საქართველოში მიმდინარე პროცესებზე აზრის გამოთქმა ვთხოვეთ ადამიანს, რომელმაც პოლიტიკური რეპრესიები საკუთარ თავზე გამოსცადა. თბილისის 38-ე და ქუთაისის მე-18 საავტორო სკოლების დამაარსებელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს განათლების სამინისტროსთვის მიუღებელ პედაგოგთა პროფკავშირებთან თანამშრომლობის გამო საავტორო სკოლები დაუხურეს, სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს და პრობაციონერად აქციეს. TIA.GE-ს ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, „სოლიდარობა ერთიანი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ვახანია ესაუბრა:

- დავიწყებ იმით, რომ პოლარიზაცია ბავშვური თვისებაა და საზოგადოდ, ადამიანებს მისკენ მიდრეკილება აქვთ. პოლარიზაცია სამყაროს სურათის გამარტივება და შავ-თეთრ ფერებში ხედვაა, რაც ბავშვისთვის დამახასიათებელია. სინამდვილეში სამყარო რთულია და მარტო კარგებად და ცუდებად ადამიანების დაყოფა საქმის გამარტივებაა. შესაბამისად, ეს ბავშვური თვისება ხალხის მასას და ბრბოს ფსიქოლოგიას ახასიათებს. მისთვის რაღაც თუ თეთრი არ არის, აუცილებლად შავია, რაც საზოგადოებაში პოლარიზაციას იწვევს. ბრბოს ფსიქოლოგიისთვის დამახასიათებელია შეხედულება, რომ  ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია, თუმცა, ჩემი აზრით, ჩვენთან ხალხის ამ მასას მაინცდამაინც ძლიერი და გამოკვეთილი ბელადი არ ჰყავს. 

- თითქოს ბელადების სიმცირეს არ ვუჩივით... 

- ჩემი აზრით, დღეს აღარც სააკაშვილია ის ბელადი, რომელსაც ხალხის დიდი მასები გაჰყვება და არც ივანიშვილი. რაღაც ნაწილი გაჰყვება, მაგრამ ეს მცირე პროცენტია, დანარჩენებზე კი გადამწყვეტ ზემოქმედებას მედია ახდენს. დიახ, პოლარიზაციას ყველაზე მეტად ტელეარხები და სოციალური ქსელები აღმავებენ, იმიტომ, რომ პოლიტიკური ანგაჟირების თვითონაც ძლიერ პოლარიზებულები არიან.

- რამდენად საშიშია და რაში შეიძლება გადაიზარდოს საზოგადოების პოლარიზაცია?

- გადაზრდით შეიძლება ძალიან ბევრ ცუდ რამეში გადაიზარდოს, მაგრამ გამოსავალი ისაა, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა - შემოდგომაზე არჩევნებია და ეს სიტუაციის გამოსწორების ყველააზე ზუსტი, კანონიერი და კონსტრუქციული გზაა.

- რამდენად სწორად მიგანიათ, რომ ზოგჯერ სრულიად აპოლიტიკურ სპორტსმენებს, ხელოვანებს და ზოგადად, ცნობილ ადამიანებს პოლიტიკური განცხადებების კეთებას და პოზიციის დაფიქსირებას ვთხოვოთ? 

- ეს პოლარიზაციას კი არ შეაცირებს, გაზრდის. პორიქით, ავტორიტეტულ ადამიანს უნდა თხოვო, რომ გამოვიდეს და  სიმართლე თქვას და მთავარი სიმართლე ისაა, რომ სამყაროში თეთრისა და შავის გარდა, კიდევ უამრავი ფერი არსებობს. თუ ვინმე არ გეთანხმება, ის აუცილებლად მტერი არ არის, მაგრამ ამის გაცნობიერებას გონება და აზროვნება სჭირდება. ავტორიტეტს შეუძლია ამის თქმა და ეს უნდა შეიგნოს ყველამ. მე შეიძლება რაღაცაში არ გეთანხმები, ნაწილობრივ გეთანხმები ან სულ არ მაინტერესებს ეს საკითხი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენი მტერი და მოღალატე ვარ. 

- ჩვენთან ავტორიტეტებიც პოლარიზებულები არიან და ნეიტრალური, ობიექტური  ავტორიტეტის პოვნა ძნელია.

- სწორედ ეს ამწვავებს სიტუაციას. ავტორიტეტი უნდა ცდილობდეს, რომ მიუკერძოებელი იყოს და ხალხთან სიმართლე მიიტანოს. სამყარო არ არის ისეთი მარტივი, რომ მარჯვნივ ყველანი კარგები არიან და მარცხნივ ცუდები ან პირიქით.  სწორედ ეს არის პარტია „სოლიდარობა ერთიანი საქართველოსთვის“ პოზიცია. ადამიანებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ და შეუძლიათ ეს შეხედულებები, რომლებსაც შეიძლება არ ვეთანხმები, შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად ვეთანხმები, ქუჩაში და აქციებზე გამოხატონ, მაგრამ არ მომწონს, როდესაც ერთი ან მეორე მხარე ამბობს, რომ ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია. ეს უკვე პოლარიზაციის პოზიციაა. პოლარიაცია მთელ მსოფლიოში არსებობს, მაგრამ საქართველოში ცოტა მეტია, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, საქართველოში  მეტი ადამიანი დარჩა ბავშვური განვითარების დონეზე. ვინაიდან ადამიანების რაოდენობა, ვისაც პიროვნული სიმწიფე და განვითარება აკლია, მეტია, შესაბამისად, პოლარიზაციაც მეტი იქნება. 

ერთია, რომ ევროპას მივბაძოთ და ევროპული ორიენტაცია გვქონდეს, მაგრამ ევროპას უნდა მივბაძოთ იმაში, რაც მისაბაძია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, როელიც პირდაპირ აისახება ეკონომიკაზე და ხალხის კეთილდღეობაზე. რატომ უნდა ველოდოთ ევროკავშირში გაწევრანებას იმისთვის, რომ დილით ადრე ავდგეთ  და მუშაობა დავიწყოთ? რატომ არ ვბაძავთ ევროპას თუნდაც ამაში? ხელს რა გვიშლის? უამრავი სამუშაო გვაქვს, რომელიც 30 წლის წინ უნდა დაგგვეწყო, მაგრამ ვინ გვაცადა? ეროვნული ხელისუფლება ყაჩაღებმა დაამხეს და იმის მერე უკან და უკან მივდივართ. დროა, პოლარიზაცია და უკუსვლა შევაჩეროთ და განვითარება დავიწყოთ, სანამ კიდევ დროა, სანამ ძალიან გვიან არ იქნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა