ჯო ბაიდენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის ახალი წინადადება წარადგინა
ჯო ბაიდენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის ახალი წინადადება წარადგინა.
„დროა ახალი ეტაპი დაიწყოს, მძევლები სახლში დაბრუნდნენ, ისრაელი უსაფრთხოდ იყოს და ტანჯვა დასრულდეს. დროა ეს ომი დასრულდეს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ისრაელის წინადადება, რომელიც სამი ეტაპისგან შედგება, კატარის შუამავლობით „ჰამასს“ უკვე გადაეცა.
გეგმის მიხედვით პირველი ეტაპი ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და ასევე, ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ „ჰამასის“ მიერ მძევლების ნაწილის გათავისუფლებას ითვალისწინებს. მეორე ეტაპი ყველა დარჩენილი ცოცხალი მძევლის გაცვლას, მათ შორის მამაკაცი ჯარისკაცების გათავისუფლებას მოიცავს. მესამე ეტაპის ფარგლებში ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის გეგმა დაიწყება და მძევლების ცხედრები მათ ოჯახებს გადაეცემა.
„ამ ეტაპზე „ჰამასს“ კიდევ ერთი 7 ოქტომბრის განხორციელება აღარ შეუძლია, ისრაელის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ ომში და გულწრფელად რომ ვთქვათ, სამართლიანი მიზანი“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.