თეგებით ძიება

რა შემთხვევაში დამარცხდება „ოცნება“ არჩევნებში - რას წერს კონსტიტუციონალისტი?

"რა შემთხვევაში დამარცხდება “ქართული ოცნება” არჩევნებში?

არსებობს რამდენიმე “თუ”, რომელზეცაა დამოკიდებული, კოალიციური მთავრობის შესაძლებლობა არჩევნების შემდეგ:" - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს:

"რა შემთხვევაში დამარცხდება “ქართული ოცნება” არჩევნებში?

არსებობს რამდენიმე “თუ”, რომელზეცაა დამოკიდებული, კოალიციური მთავრობის შესაძლებლობა არჩევნების შემდეგ:

1. თუ ოცნების ამჟამინდელი ელექტორალური შესაძლებლობა 850 ათასს მნიშვნელოვნად არ აღემატება;

2. თუ ოცნება ვერ მოახერხებს დამატებითი ხმების მობილიზებას;

3. თუ ოპოზიცია გამართულ წინასაარჩევნო სტრატეგიას შეიმუშავებს;

4. თუ ოპოზიცია მოახერხებს დამატებით 200 ათასი ამომრჩევლის კენჭისყრის დღეს უბანზე მოყვანას;

5. თუ ოპოზიცია გონივრულად გადაჯგუფდება, რამდენიმე კოალიციად;

6. თუ არჩევნების შემდეგ დაკარგული ხმების რაოდენობა 5%-ს არ ასცდება;

7. თუ ოპოზიციური სიით გასული დეპუტატები არჩევნების შემდეგ არ მიეყიდებიან ოცნებას (ეგ ბევრჯერ მომხდარა).

ახლა ავხსნათ:

ბევრია დარწმუნებული, რომ ქართული ოცნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მეოთხე ვადით ვეღარ მოვა ხელისუფლებაში. ეს კარგია, ბრძოლას სჭირდება რწმენა.

მაგრამ მას ასევე სჭირდება სტრატეგია. სტრატეგია კი მონაცემების ანალიზსა და დაკვირვებას უნდა დაეფუძნოს. დემოკრატიისთვის ბრძოლას არჩევნები აჯამებს. არჩევნების შედეგები ციფრებში გამოიხატება. ამიტომ მოდი შევხედოთ ციფრებს:

თუ ოცნების შედეგებს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ბოლო 4 პროპორციული არჩევნებიდან 3-ში 46.7%-დან 48.7%-მდე მიიღო (2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ჰქონდა 55.8% - თუმცა ეს იმით უნდა აიხსნას, რომ ამ არჩევნებზე ცოტა ოპოზიციური ამომრჩეველი მივიდა. აქტივობა - 45.7%). ერთი შეხედვით დიდი რყევა არაა, სულ 2%, მაგრამ თუ პროცენტების იქეთ გავიხედავთ, სხვა რეალობა დაგვხვდება. ხმების რაოდენობაში სხვაობა დაახლოებით 100 000-ის ფარგლებშია, რაც 10-13%-ს უტოლდება. არსებობს ცდუნება, ვიფიქროთ, რომ ასეთი რყევა არასტაბილურობის მაჩვენებელია, მაგრამ როგორც მანდატების განაწილების შედეგები გვეუბნება, ამ რყევას ოცნება კარგად მართავს. შედეგად, როგორც წესი, ის იმდენ ადგილს იღებს წარმომადგენლობით ორგანოებში, რამდენიც სჭირდება.

ბოლო ოთხი არჩევნების მონაცემების მიხედვით მმართველ პარტიას ჰყავდა საშუალოდ 850-900 ათასი ამომრჩეველი.

საქართველოში სულ 3.5 მილიონი ხმის უფლების მქონე მოქალაქეა. აქედან დაახლოებით 1 მილიონი ემიგრაციაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ხმები ფაქტობრივად დაკარგულია (მხოლოდ 1% მოდის არჩევნებზე). გამოდის, რომ ხმის მიცემის რეალური შესაძლებლობა დაახლოებით 2.5 მილიონ ადამიანს აქვს. მაგრამ მათგან ნაწილს ჯანმრთელობის მდგომარეობის, ნაწილს სამსახურებრივი მოვალეობის და ნაწილს საცხოვრებელი და რეგისტრაციის ადგილის განსხვავების გამო არ შეუძლია კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება. ძალიან ძნელია იმის თქმა, ზუსტად რამდენ ადამიანს აქვს უბანზე მისვლის შესაძლებლობა, მაგრამ ბოლო დროის რეკორდი 2012 წელს დამყარდა, როცა ხმა 2.2 მილიონზე ცოტა მეტმა ადამიანმა მისცა. აღსანიშნავია, რომ მაშინ 120 ათასი (რაც 3%-ია დაახლოებით) ამომრჩევლით მეტი გვყავდა, ვიდრე დღეს და მათი რაოდენობა 2.6 მილიონს აჭარბებდა. მაგ წელს არჩევნებზე პარტიებმა 400 ათასით მეტი ადამიანი მოიყვანეს, ვიდრე ეს 2016 წელს, და 245 ათასით მეტი, ვიდრე 2020 წელს.

საბოლოდ შეგვიძლია ვთქვათ: დაძაბულ არჩევნებში 1.85-1.95 მილიონამდე ამომრჩეველი მოდის საარჩევნო ურნასთან, ხოლო ეგზისტენციალურ არჩევნებში 2.2 მილიონიც მოსულა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მაგ მოსვლაზე, ანუ 2012 წელს ემიგრანტების რაოდენობა ახლანდელის 1/3 იყო. ეს ფაქტორი 2024 წელს არჩევნებზე მომსვლელთა რაოდენობაზე აისახება, რის გამოც მგონია, მაქსიმუმ 2.15 მილიონამდე ავიდეს ეს ციფრი. აქ სირთულე ისაა, რომ ახლა გაცილებით ნაკლები საქართველოში მყოფი ამომრჩევლიდან უნდა შეძლოს ოპოზიციამ დაახლოებით იგივე ოდენობის გამოყვანა, რამდენიც ოცნებამ 2012 წელს გამოიყვანა.

თუ დავუშვებთ, რომ ოცნებას 850-900 ათასი ამომრჩეველი ჰყავს, ხოლო არჩევნებზე მაქსიმუმ 2.15 მილიონი კაცი მოვა, გამოდის, მმართველი გუნდის ყულაბაში 40%-მდეა. შეიძლება ვინმეს ეს ძალიან დიდ რიცხვად მოეჩვენოს, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, 2012 წელს ნაციონალურ მოძრაობას 867 ათასმა ადამიანმა მისცა ხმა (მომდევნო არჩევნების შედეგებმა აჩვენა - მაქედან დაახლოებით ნახევარი მილიონი თავისუფალი ნების ქვეშ არ აძლევდა ხმას და ისინი UNM-მა ძალაუფლებასთან ერთად დაკარგა).

2012 წელს ნაციონალური მოძრაობის ასეთი მაღალი მხარდაჭერის ფონზე რა იყო ოცნების წარმატების საიდუმლო.

1. პირველ რიგში, ეს იყო სტრატეგია, რომელმაც “შუა გაკრიფა” (ეს სტრატეგია წელს, ვფიქრობ, კონტრპროდუქტიული იქნება). ამან მინიმუმამდე დაიყვანა “ჰაერში გასროლილი” ხმების რაოდენობა - ასე უწოდებენ ხმებს, რომელთა ადრესატებმაც ბარიერი ვერ გადალახეს. მაშინ მათი რაოდენობა 5%-ზე ნაკლები იყო. ამან უზრუნველყო ის, რომ პარტიების ელექტორალური მაჩვენებელი თითქმის ზუსტად დაემთხვა პროპორციული წესით მოპოვებული მანდატების წილს. როგორც წესი, ეგრე არ ხდება. მაგ. 2016 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ 27% აიღო, მაგრამ პროპორციული წესით გასანაწილებელი მანდატების მხოლოდ 20% ერგო, ხოლო ოცნებას ხმების 48%-ში მანდატების 57%. ანუ მოქმედმა ხელისუფლებამ მანდატების 9%-მდე მარტო საარჩევნო სისტემის მეშვეობით წაიმატა. 2020 წლის არჩევნები, რომ წლევანდელი სისტემით ჩატარებულიყო ოცნება 48% მხარდაჭერაში მანდატების 64%-მიიღებდა (15%-ზე მეტს წაიმატებდა).

2. მეორე რაც ოცნებამ მაშინ მოახერხა, უბანზე ისეთ ამომრჩევლის მოყვანა იყო, რომელიც იქამდე ამას არ აკეთებდა და აქ როლი მარტო მაშინდელი ხელისუფკების არაპოპულარულობას არ უთამაშია, არამედ თავად ოცნების ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი, რომელიც მაშინ იმედს აჩენდა და დაგეგმილი საარჩევნო კამპანია ქონდა. შედეგად მან მოახერხა და 2012 წლის არჩევნებში 2008 წელთან შედარებით (რომელიც ასევე პრინციპული არჩევნები იყო) 9%-ით გაზარდა აქტივობა.

საბოლოოდ იმავე 2008 წელთან შედარებით ოცნებამ ბარიერგადალახული ოპოზიციური ხმები გააორმაგა (1.18 მილიონ ხმაზე მეტი მიიღო), თუმცა ნაციონალური მოძრაობის ვარდნა ამასთან შედარებით დრამატული არ ყოფილა და მხოლოდ 17% შეადგინა.

მიუხედავად არსებული შთაბეჭდილებისა, უნდა ითქვას, რომ 2012 წელს არჩევნები ნაციონალურმა მოძრაობამ კი არ წააგო, ოცნებამ მოიგო. მან შეძლო ისეთი ოპოზიციური ფლანგის ფორმირება, რომელმაც მოიზიდა აქამდე ინდიფერენტულად განწყობილი ამომრჩეველი და რაც მთავარია, ხმები კი არ გაისროლა ჰაერში, ანუ ბარიერს მიღმა კი არ დატოვა, არამედ მაქსიმალურად ეფექტიანად ასახა მანდატებში.

ეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ ახლაც დაახლოებით იგივეა საჭირო. პოლიტიკურ ძალებს ორი ამოცანა აქვს:

1. ისე გადაჯგუფდნენ, რომ რაც შეიძლება ცოტა ხმა დარჩეს ბარიერს მიღმა (მაქსიმუმ 5%);

2. რაც შეიძლება მეტი ისეთი ამომრჩეველი მოიყვანონ კენჭისყრის დღეს, რომელიც აქამდე არჩევნებში არ იღებდა მონაწილეობას.

პირველი ამოცანისთვის საჭიროა შეიქმნას 3-4 კოალიცია, მეორისთვის - კარგად დაგეგმილი საარჩევნო კამპანია.

2.15 მილიონი ხმიდან თუ 40% ოცნება წაიღებს, 5% დაიკარგება და 55%-ის (1.2 მილიონი ხმა) გაკონტროლებას ოპოზიცია შეძლებს, მაშინ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ერთწლიანი პარლამენტის გეგმა იმუშავებს. ამის შემდეგ უკვე თავისუფალ გარემოში და სამართლიან საარჩევნო სისტემაში ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები. არჩევნების შედეგად დაკომპლექტებული პარლამენტი იქნება ქართულ საზოგადოებაში არსებული განწყობის სათანადო გამომხატველი.

როგორ შეიძლება მოგროვდეს ოპოზიციური ხმები. 2020 და 2021 წლების არჩევნებში ოპოზიციამ, საერთო ჯამში, 1 მილიონამდე მხარდაჭერა აჩვენა (თუმცა აქედან 100 ათასი, ყველაზე იმედიან გათვლაშიც კი, ბარიერს მიღმა აღმოჩნდება) ნაკლებ სავარაუდოა მას ეს ხმები დაეკარგა, მაგრამ დამატებით კიდევ სჭირდება 200 ათასი ხმა. ეს ხმები, როგორც ვთქვი, გამართული კამპანიით უნდა მოიზიდოს. თუმცა ამ გეგმაში ისეთი ცვლილებაც კი, მაგ. როგორიც არის ოცნების 44% (ან ოპოზიციის მიერ ახალი ამომრჩევლის სათანადო რაოდენობის ვერ მოყვანა) და დაკარგული ხმების 10%-მდე ზრდა, გამოიწვევს 50/50-ზე სიტუაციას, სადაც ოცნებას სახელისუფლებო უპირატესობა ექნება, ხოლო 13%-ის შემთხვევაში ოცნება გარანტირებულად დარჩება ხელისუფლებაში." - წერს მენაბდე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა