თეგებით ძიება

21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული ოთარ ცინდელიანი ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შერაცხადია – ამის შესახებ პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

საქმის პროკურორის თმით, სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, ბრალდებული ისევე როგორც დანაშაულის ჩადენის დროს, ასევე ამჟამადაც, სრულიად ჯანმრთელია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს და ოთარ ცინდელიანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა.

საქმის პრკურორის თქმით, დაკავებულს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ედება ბრალი, რაც გენდერთან არის დაკავშირებული. მისივე თქმით, ბრალდებული საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებას წარმოადგენს და მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის საფრთხე კვლავ არსებობს.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულია მტკიცებულებები, ასევე, ესპანეთის სახელმწიფოდან ცინდელიანის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვეს.

ლევან ვეფხვაძის განცხადებით, გარდაცვლილის მობილური ტელეფონიდან ამოღებულია ესპანეთში ყოფნის პერიოდის ფოტოსურათი, სადაც ქეთი ჯავახიშვილს თვალზე დაზიანება აღენიშნება.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ოთარ ცინდელიანისთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩა. დღეს პროცესზე ბრალდებულს შესთავაზეს, მისი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განეხილა, რაზეც დაკავებულმა უარი განაცხადა.

ცნობისათვის, მკვლელობა თბილისში, ლილოში მიმდინარე წლის 28 თებერვალს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ოთარ ცინდელიანმა ქეთი ჯავახიშვილს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა