ამ ქვეყანაში არავინ დგას კანონზე მაღლა. ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის ქმედებებზე - ჰანტერ ბაიდენის საქმის სპეციალური პროკურორი
ამ ქვეყანაში არავინ დგას კანონზე მაღლა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმის სპეციალურმა პროკურორმა, დევიდ ვაისმა განაცხადა.
ვაისის თქმით, სასამართლო პროცესის დროს, ბრალდების მხარემ ყურადღება გაამახვილა ორ მთავარ საკითხზე- ჰანტერ ბაიდენის უკანონო არჩევანსა და კანონის უზენაესობაზე.
მისივე თქმით, ჩვენებების უმეტესობა ეხებოდა ნარკოტიკებსა და ალკოჰოლის გამოყენებას, თუმცა, მისი თქმით, ეს საქმე მხოლოდ დამოკიდებულებას არ ეხებოდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენება იყო ბრალდებულის მიერ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების შესახებ, საბოლოოდ, ეს საქმე მხოლოდ დამოკიდებულებას არ ეხებოდა, დაავადებას, რომელიც შეერთებულ შტატებში აწუხებს ბევრ ოჯახს, მათ შორის ჰანტერ ბაიდენის ოჯახს. ეს საქმე ეხებოდა იმ უკანონო არჩევანს, რომელიც ბრალდებულმა გააკეთა დამოკიდებულების დროს. ამ ქვეყანაში არავინ დგას კანონზე მაღლა. ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის ქმედებებზე, თუნდაც ამ ბრალდებულმა. თუმცა, ჰანტერ ბაიდენი არ უნდა იყოს უფრო ანგარიშვალდებული, ვიდრე ნებისმიერი სხვა მოქალაქე, რომელიც მსჯავრდებულია იმავე ქცევისთვის. პროკურატურა იყო და იქნება ამ პრინციპის ერთგული“, – განაცხადა ვაისმა.
აშშ-ის პრეზიდენტის შვილი ჰანტერ ბაიდენი ნაფიც მსაჯულებმა სამივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.
ბრალდების მიხედვით, ჰანტერ ბაიდენმა 2018 წელს „კოლტის“ ტიპის რევოლვერის ყიდვისას, ოფიციალური დოკუმენტებში იცრუა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას აღარ მოიხმარდა. კიდევ ერთი ბრალდება უკავშირდება პრეზიდენტის შვილის მიერ იარაღის ფლობის პერიოდში ნარკოტიკების მოხმარებას. აშშ-ის ფედერალური კანონის მიხედვით, ნარკოტიკების მომხმარებლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა დანაშაულია. ჰანტერ ბაიდენს 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 750 000 დოლარამდე ჯარიმა ემუქრება.