თეგებით ძიება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა.

პარლამენტის წევრების გივი მიქანაძის, გიორგი სოსიაშვილის და გიორგი ჩაკვეტაძის საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ წარადგინა.

მისი განმარტებით, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჯერ კიდევ 2009 წელს შეწყდა აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა არჩევა, რამაც მათი რაოდენობის თანდათან შემცირება გამოიწვია.

„კანონის მოქმედი რედაქციით, გათვალისწინებულია წევრ-კორესპონდენტები - როგორც აკადემიის წევრები, თუმცა დეტალურად განსაზღვრული არ არის მათი ფუნქცია-მოვალეობები და ასევე, არ არის განსაზღვრული თუ როგორ აირჩევა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. ასევე, გათვალისწინებულია აკადემიის საერთო კრებაში მათი მონაწილეობა, თუმცა არ არის დარეგულირებული საკანონმდებლო საფუძველი თუ როგორ უნდა აირჩეს წევრ-კორესპონდენტი, რასაც ემსახურება წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

მისი თქმით, იმისთვის, რომ მეცნიერებათა აკადემიამ გააგრძელოს სრულფასოვანი საქმიანობა, მოხდეს მათი შემადგენლობის განახლება,  აუცილებელია, არსებობდეს წევრ-კორესპონდენტთა არჩევის წესი.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, კანონპროექტით გათვალისწინებული არ არის წევრ-კორესპონდენტთა  და სტიპენდიატთა საერთო რაოდენობის ზრდა, რომელიც 40-ს შეადგენს, საიდანაც 30 წევრ-კორესპონდენტია და 10 სტიპენდიატი.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, აკადემიის წევრ-კორესპონდენტად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქმიანობს საქართველოში, აქვს მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტი და რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში.

ცვლილებების თანახმად, აკადემიის წევრ-კორესპონდენტს აკადემიის ნამდვილ წევრად ანუ აკადემიკოსად არჩევის შემთხვევაში, უწყდება წევრ-კორესპონდენტის სტატუსი.

„აკადემიის ნამდვილი წევრის, აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, საპატიო აკადემიკოსის ასევე, უცხოელი წევრისა და აკადემიის სტიპენდიატის არჩევის წესი განისაზღვრება აკადემიის წესდებით, რაც ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებაა“, - განაცხადა მომხსენებელმა.

აკადემიის წევრ-კორესპონდენტები და აკადემიის სტიპენდიატები კანონით გათვალისწინებულ თანაბარ ანაზღაურებას იღებენ, რაც არის თვეში არანაკლებ 1000 ლარი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა